სახელმწიფო დეპარტამენტი - აშშ საქართველოს ჯანდაცვის სისტემას 1,7 მილიონი დოლარის დაფინანსებით ეხმარება
სახელმწიფო დეპარტამენტი - აშშ საქართველოს ჯანდაცვის სისტემას 1,7 მილიონი დოლარის დაფინანსებით ეხმარება

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში სხვა ქვეყნებისთვის გაწეული დახმარების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს. უწყების ოფიციალური ვებგვერდზე იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომლებსაც აშშ დახმარებას უწევს, საქართველოც არის.

საქართველოსთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ჯანდაცვის სისტემის 1,7 მილიონი დოლარით დაფინანსებით აშშ ეხმარება საქართველოს ლაბორატორიული სისტემების მომზადებაში, შემთხვევების გამოვლენაში, საპასუხო ზომებისა და მზადყოფნის უზრუნველყოფისთვის ტექნიკური ექსპერტების მომზადებაში, რისკების შესახებ კომუნიკაციის გაძლიერებაში და მრავალ სხვა საკითხში.

სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში აშშ-მა საქართველო 3,6 მილიარდი დოლარის ოდენობის მხარდაჭერით უზრუნველყო, საიდანაც 139 მილიონი ჯანდაცვის სფეროსთვის იყო გათვალისწინებული. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, აშშ „კოვიდ-19“-ის პანდემიაზე გლობალური ჰუმანიტარული რეაგირების სათავეშია იმის მიუხედავად, რომ თავად ებრძვის ვირუსს სახლში.

„ამერიკელი ხალხის ამ ყოვლისმომცველი და გულუხვი პასუხის ფარგლებში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ გამოყო თითქმის 508 მილიონი დოლარი გადაუდებელი სამედიცინო, ჰუმანიტარული და ეკონომიკური დახმარებისთვის ჩვენს მიერ უკვე გამოყოფილი დაფინანსების გარდა“, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

დატოვე კომენტარი