სახელმწიფო დეპარტამენტი - აშშ მკაცრად გმობს სუდანის შეიარაღებული ძალების ქმედებებს და სუდანისთვის 700 მილიონი დოლარის დახმარების გამოყოფას აჩერებს
აშშ მკაცრად გმობს სუდანის შეიარაღებული ძალების ქმედებებს გარდამავალი მთავრობის წინააღმდეგ და სუდანისთვის განკუთვნილი 700 მილიონი დოლარის ოდენობის ფინანსური დახმარების გამოყოფას აჩერებს. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის სახელით გავრცელებული განცხადების თანახმად, აშშ გმობს სუდანის მთავრობის დათხოვას და მისი დაუყოვნებლივი აღდგენისკენ მოუწოდებს. ამერიკული მხარე მიუღებელს უწოდებს პრემიერ-მინისტრისა და სხვა ლიდერების დაკავებას.
„სამხედრო ძალებმა უნდა უზრუნველყონ მათი უსაფრთხოება და დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ისინი. ამ ქმედებებს შეუძლია, შეაჩეროს ქვეყნის სვლა დემოკრატიისკენ და წარმოადგენს ღალატს სუდანის მშვიდობიანი რევოლუციისადმი“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ აშშ მტკიცედ უჭერს მხარს სუდანელი ხალხის უფლებას, შეიკრიბონ მშვიდობიანად დემოკრატიის მხარდასაჭერად. აშშ შეშფოთებულია გავრცელებული ინფორმაციის გამო, რომ სუდანის უსაფრთხოების ძალებმა მშვიდობიან დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნეს. აშშ ქვეყანაში ძალადობის დაუყოვნებლივ შეწყვეტასა და ინტერნეტის აღდგენას ითხოვს.
„ჩვენი არაერთი გაფრთხილების თანახმად, გარდამავალი მთავრობის ნებისმიერი ძალადობრივი ცვლილება აშშ-ის დახმარებას რისკის ქვეშ აყენებს. ამ მოვლენების გათვალისწინებით, აშშ დაუყოვნებლივ აჩერებს სუდანის საგანგებო ეკონომიკური მხარდაჭერის ფონდისთვის 700 მილიონი დოლარის გამოყოფას“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა სუდანში გამთენიისას მოხდა. ამბოხებულებმა სუდანის დედაქალაქში გზები გადაკეტეს და მთავრობის წევრების სახლებში შეიჭრნენ. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია სუდანის პრემიერ-მინისტრი აბდალა ჰამდოკი, რომელიც გაურკვეველი მიმართულებით გადაიყვანეს. დაკავებამდე პრემიერმა თავის მხარდამჭერებს ქუჩაში გამოსვლისა და მშვიდობიანი პროტესტისკენ მოუწოდა.