სახელმწიფო ბოსტნეული კულტურების შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამას განახორციელებს
სახელმწიფო ბოსტნეული კულტურების შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამას განახორციელებს

დავიწყეთ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის ბოსტნეული კულტურების შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას.

„ბოსტნეულის წარმოება უკანასკნელ წლებში 15%-ით გაიზარდა და 176.1 ათასი ტონა შეადგინა. ამჟამად, ბოსტნეულის იმპორტის ძირითადი ნაწილი მოდის არასეზონზე, რაც გამოწვეულია სეზონზე მოყვანილი ბოსტნეულის შესანახი საჭირო ინფრასტრუქტურის, თანამედროვე სტანდარტებისა და ტექნოლოგიების, სამაცივრე მეურნეობების სიმცირით. სწორედ ამ მიზნით ჩვენ დავიწყეთ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის ბოსტნეული კულტურების შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა. თანადაფინანსების საშუალებით უზრუნველყოფილი იქნება მიღებული მოსავლის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შენახვა და საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარება.

„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სოფლის განვითარების სააგენტო უზრუნველყოფს შემნახველი და სამაცივრე ინფრასტრუქტურის თანადაფინანსებას, რომელიც გათვალისწინებული იქნება მხოლოდ ბოსტნეულის და კარტოფილის შესანახად. 500 ტონა ტევადობის შემნახველი საწარმოს თანადაფინანსების მოცულობა შეადგენს, მისი ჯამური ღირებულების არაუმეტეს 80%-ს, არაუმეტეს 450,000 ლარს“,- განაცხადა შამუგიამ.