სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დელეგაციამ ნიდერლანდების აუდიტორულ უწყებაში შეხვედრები გამართა
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დელეგაციამ ნიდერლანდების აუდიტორულ უწყებაში შეხვედრები გამართა

ევროკავშირის პროექტის „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერების“ ფარგლებში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დელეგაცია საქართველოს პარლამენტის წევრებთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოში იმყოფებოდა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დელეგაციამ, გენერალური აუდიტორის, ირაკლი მექვაბიშვილის ხელმძღვანელობით, გამოცდილების გაზიარების მიზნით, სამუშაო ფორმატის შეხვედრები გამართეს ნიდერლანდების აუდიტორულ ორგანოში.

ნიდერლანდების უმაღლესი აუდიტორული ორგანოს ხელმძღვანელმა არნო ვისერმა და ვიცე-პრეზიდენტმა ერვაუტ ირგანგმა საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან ორმხრივ თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. მასპინძელმა მხარემ დელეგაციის წევრებს გამოცდილება გაუზიარა ისეთ საკითხებში, როგორებიცაა წლიური აუდიტის ანგარიშის და აუდიტის წლიური გეგმის მომზადება, ხარისხის კონტროლისა და უზრუნველყოფის პრაქტიკა.

ვიზიტის დასასრულს ნიდერლანდების უმაღლესი აუდიტორული ორგანოს ხელმძღვანელის, არნო ვისერისა და საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის და პარლამენტის დელეგაციების ხელმძღვანელების შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის თემატიკასა და პერსპექტივაზე იმსჯელეს.

ირაკლი მექვაბიშვილის განცხადებით, ნიდერლანდებისა და საქართველოს უმაღლესი აუდიტორული ინსტიტუციების ხედვები და სტრატეგია თანმხვედრია და მხარეები მზად არიან თანამშრომლობა ამ ფორმატში წარმართონ.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამუშაო შეხვედრებს 18 აპრილიდან ბრიუსელში, ბელგიის უმაღლეს აუდიტორულ ორგანოში განაგრძობს.

დატოვე კომენტარი