სახალხო დამცველობის კანდიდატის შესარჩევად საპარლამენტო ჯგუფებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები შესაძლოა, მიმდინარე კვირაში გაიმართოს
სახალხო დამცველობის კანდიდატის შესარჩევად საპარლამენტო ჯგუფებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები შესაძლოა, მიმდინარე კვირაში გაიმართოს

სახალხო დამცველობის კანდიდატის შესარჩევად საპარლამენტო ჯგუფებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები შესაძლოა, მიმდინარე კვირას გაიმართოს. საკითხი ბიუროს სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დააყენეს და პარლამენტის თავმჯდომარეს ჰკითხეს, რა ეტაპზეა ომბუდსმენობის კანდიდატთა საკითხის განხილვა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, პროცესის წარმართვა დათქმულ გრაფიკში ობიექტური მიზეზების გამო ვერ მოხერხდა, მიმდინარე კვირას კი, საპარლამენტო ფრაქციების წარმომადგენლები უკვე საქართველოსი იმყოფებიან და მნიშვნელოვანია ამ პროცესის გამართვა.

„იცით, რომ მიზეზის გამო კომიტეტს მოუწია გასაუბრებების ცოტა გადადება და ამ კუთხით კი, იყო გრაფიკში არევა, თუმცა ამავე დროს, იცით, რომ წინა კვირას მეც გახლდით ვიზიტით, „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარეც, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეც არ გახლდათ საქართველოში. ამიტომ ეს ობიექტური მოზეზებია. მგონი, ოპოზიციიდანაც ზოგიერთი დეპუტატი არ იყო საქართველოში. რა მომენტშიც იქნება კვალიფიციური უმრავლესობა რომელიმე კანდიდატის გარშემო შეგროვებული, კენჭისყრას ექნება აზრი. ამისთვის საჭიროა, ერთმანეთში აზრები გაიცვალოს და ვფიქრობ, ეს პროცესი დაიწყება. ამ კვირას აქ არის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, სხვა ფრაქციებიც ხართ პარლამენტში, სასესიო კვირაა, ყველა აქ არის და მნიშვნელოვანია, ამ საკითხებზე იყოს საუბარი. ვიცით, რომ 12 რეკომენდაციიდან ეს ერთ-ერთია. მგონი ვთანხმდებით, აქამდე რა პროცესიც იყო, იყო გამჭვირვალე. ერთადერთი შენიშვნა, რაც მე მოვისმინე, იყო, რომ ზედმეტად გამჭვირვალე იყო, თუმცა ვფიქრობ, აქ გადაჭარბება რთულია, გამომდინარე იქიდან, რა ზოგადი მოლოდინიც არსებობდა პროცესის მიმართ. ვფიქრობ, ამავე დროს კარგიც იყო „მოქალაქეების“ ინიციატივა, ყველა კანდიდატი დაასახელეს, ამიტომ საზოგადოებამ შეძლო ყველა კანდიდატის მოსმენა. ახლა არის პროცესი, რომელსაც ჰქვია პოლიტიკური კონსულტაცია და ვფიქრობ, აქ მნიშვნელოვანია, მხარეებმა დაილაპარაკონ“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ამასთან, შალვა პაპუაშვილის განმარტებით, ფრაქცია „ქართული ოცნების“ გარეშე სახალხო დამცველის არჩევა ვერ მოხდება და მნიშვნელოვანია, დეპუტატებმა ამასაც ყურადღება მიაქციონ.

„ქალბატონო ხათუნა (სამნიძე), თქვენ აღნიშნეთ, რომ არც ერთ ფრაქციას ცალკე არ აქვს უმრავლესობა, ამავე დროს, მნიშვნელოვანია, რომ ერთადერთი ფრაქცია, რომლის გარეშეც ვერ მოხდება ომნუდსმენის არჩევა, არის „ქართული ოცნება“. მნიშვნელოვანია, ამასაც ყურადღება მივაქციოთ. თავიდანვე საუბარი იყო, რომ კანდიდატი თანაბრად მისაღები უნდა იყოს ყველასთვის. არ ვიცი, რამდენად სულ ყველასთვის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, იმ კვალიფიციური უმრავლესობისთვის იქნება თანაბრად მისაღები. ამიტომ ყველას მოვუწოდებ, რომ ამ პერსპექტივით შევხედოთ ამ საკითხს და არ იყოს რადიკალური პოლუსები აქაც, არამედ შევძლოთ რამენაირად შეთანხმების მიღწევა, რაც საბოლოო ჯამში ყველას ინტერესშია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.