სახალხო დამცველმა სურამის ფსიქიატრიული კლინიკა მოინახულა
სახალხო დამცველმა სურამის ფსიქიატრიული კლინიკა მოინახულა

საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განახლებული სურამის ფსიქიატრიული კლინიკა მოინახულა და დაწესებულების სარეაბილიტაციო და სარემონტო სამუშაოების შედეგებს გაეცნო.

როგორც სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, ნინო ლომჯარია სურამის ფსიქიატრიულ დაწესებულებას პირველად 2018 წლის მარტში ესტუმრა და იქ არსებული ინფრასტრუქტურა და პირობები ბენეფიციარებისთვის ღირსების შემლახავ გარემოდ შეაფასა. სახალხო დამცველმა ჯანდაცვის სამინისტროს პაციენტების ადამიანის ღირსებასთან თავსებად პირობებში განთავსების დაუყოვნებლივ უზრუნველყოფის რეკომენდაციით მიმართა.

„მისასალმებელია, რომ სახალხო დამცველის რეკომენდაციების და პაციენტთა მძიმე ყოფის ამსახველი ფოტომასალის გავრცელების შედეგად, სურამის ფსიქიატრიული კლინიკის მენეჯმენტში განხორციელდა ცვლილებები და დაიწყო მასშტაბური სარემონტო სამუშაოები, რომლის ფარგლებში სრულად განახლდა საცხოვრებელი კორპუსის სახურავი, კომუნიკაციები, შიდა ინფრასტრუქტურა; მოწესრიგდა კვების საკითხი; თუმცა, ფიზიკური გარემოს მისაწვდომობა კვლავ პრობლემად რჩება.

მიუხედავად სურამის დაწესებულების პაციენტთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებისა, სახალხო დამცველმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანთა დიდი ზომის ინსტიტუციებში ცხოვრება ვერ ჩაითვლება მათი უფლებების დაცვის მაღალ ხარისხად. ამ მიმართულებით ქვეყანაში კვლავ სერიოზული გამოწვევებია. დღეისათვის 10 დიდი ზომის ფსიქიატრიული დაწესებულება ფუნქციონირებს, სადაც არსებული პირობები და თერაპიული გარემო ვერ უზრუნველყოფს პაციენტთა ღირსეულ ცხოვრებასა და უფლებების დაცვას“, – აცხადებენ სახალხო დამცველის აპარატში.

მათივე ცნობით, ნინო ლომჯარია იმედოვნებს, რომ პოლიტიკის განმსაზღვრელი სახელმწიფო უწყებები უმოკლეს ვადებში გადადგამენ ეფექტიან ნაბიჯებს დეინსტიტუციონალიზაციის პროცესისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში თემზე დაფუძნებული, მათ შორის, საოჯახო ტიპის მომსახურებების განვითარების ხელშესაწყობად.