სახალხო დამცველმა N17, N5 და N8 პენიტენციური დაწესებულებები მოინახულა
სახალხო დამცველმა N17, N5 და N8 პენიტენციური დაწესებულებები მოინახულა

საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული ეპიდემიის ფონზე, საქართველოს სახალხო დამცველმა და სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა ვიზიტები განახორციელეს N17, N5 და N8 პენიტენციურ დაწესებულებებში. ინფორმაციას სახალხო დამცველი აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვიზიტების მიზანი იყო პენიტენციურ დაწესებულებებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის მიღებული ზომების პატიმართა უფლებებზე გავლენის, მათი აუცილებლობისა და პროპორციულობის შეფასება, ასევე პერსონალის სამუშაო პირობების გაცნობა.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში, N17 დაწესებულების მონიტორინგის თაობაზე სპეციალური ვიზიტის შემდგომი ანგარიში მომზადდება.

„სახალხო დამცველი და სპეციალური პრევენციული ჯგუფი ხელმძღვანელობდნენ გაერო-ს წამების პრევენციის ქვეკომიტეტის დოკუმენტით, სადაც თავმოყრილია რეკომენდაციები არასათანადო მოპყრობისაგან დასაცავად. გაერო-ს წამების პრევენციის ქვეკომიტეტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პრევენციის ეროვნულმა მექანიზმებმა კორონავირუსის პანდემიის დროსაც უნდა განაგრძონ მანდატის შესრულება. ასევე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც აღნიშნავს, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელების ღონისძიებებმა არ უნდა დააბრკოლოს მონიტორინგის განხორციელება დახურულ დაწესებულებებში.

აღსანიშნავია, რომ უშუალოდ მონიტორინგის ვიზიტების განხორციელებამდე, სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა განაახლა მუშაობის სტრატეგია და მოახდინა სამუშაო მეთოდოლოგიის არსებულ გამოწვევებთან ადაპტირება. განისაზღვრა პანდემიის პირობებში უსაფრთხო მონიტორინგის ვიზიტის განხორციელების წესები და წევრებს მიეცათ შესაბამისი მითითებები. შეძენილ იქნა ინდივიდუალური დაცვის საშუალებები და წევრებს განემარტათ მათი გამოყენების წესები. ამ ზომების მიღების მიზანია მონიტორინგის ვიზიტის განხორციელების დროს ახალი კორონავირუსის გავრცელების რისკის მინიმიზაცია, თანამშრომლებისა და დაწესებულებაში მყოფი პირების დაცვა. მისასალმებელია ის ფაქტი, რომ პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლები ხელს უწყობდნენ მონიტორინგის ჯგუფს საქმიანობის უსაფრთხოდ და გაუმართლებელი შეზღუდვების გარეშე განხორციელებაში“, – აღნიშნულია სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, საქართველოს სახალხო დამცველი და სპეციალური პრევენციული ჯგუფი აგრძელებს საგანგებო მონიტორინგის ვიზიტებს დაკავების, თავისუფლების აღკვეთისა და თავისუფლების სხვაგვარად შეზღუდვის ადგილებში, რათა დროულად იქნას აღმოჩენილი ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული ახალი გამოწვევები და გადაიდგას ეფექტიანი ნაბიჯები ამ გამოწვევების დასაძლევად.

„მიუხედავად მუშაობის დისტანციური რეჟიმისა, 2020 წლის 13 მარტიდან, სახალხო დამცველის აპარატის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის თანამშრომლები აქტიურად რეაგირებდნენ პატიმართა ინდივიდუალურ განცხადებებზე და 21 ვიზიტი განახორციელეს თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში მდებარე ცხრა პენიტენციურ დაწესებულებაში და შეხვდნენ 103 პატიმარს“, – ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციაში.