სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს სამართლებრივი დასკვნის მომზადების თხოვნით მიმართა იმ კანონპროექტებთან დაკავშირებით, რომლებიც მიმდინარე კვირას პარლამენტში დაინიცირდა
სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა და სთხოვა სამართლებრივი დასკვნის მომზადება იმ კანონპროექტებთან დაკავშირებით, რომლებიც მიმდინარე კვირას დაინიცირდა საქართველოს პარლამენტში. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
„წარმოდგენილი ინიციატივა დაჩქარებულად განიხილება და მიზნად ისახავს ცვლილებების შეტანას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში და სისხლის სამართლის კოდექსში.
მითითებულ საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის მოწოდების მიუხედავად, პარლამენტი კვლავ დაჩქარებული წესით განიხილავს კანონპროექტს, რაც არ იძლევა მასში სრულფასოვანი მონაწილეობისა და ჩართვის შესაძლებლობას.
საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, ეუთო/ოდირის დასკვნის გამოქვეყნებამდე არ მისცეს კანონპროექტს შემდგომი მსვლელობა და იმედს გამოთქვამს, რომ ეუთო/ოდირის დასკვნა წარმოდგენილ კანონპროექტებთან დაკავშირებით სრულად იქნება მხედველობაში მიღებული. ამასთან, მიღებული იქნება ყველა ზომა ადამიანის უფლებებზე ნეგატიური ეფექტების აღმოსაფხვრელად“, – ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში.