სახალხო დამცველმა ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ წლის შემაჯამებელი ანგარიში წარადგინა
სახალხო დამცველმა ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ წლის შემაჯამებელი ანგარიში წარადგინა

სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ბრიფინგი გამართა და მიმდინარე წლის ადამიანის უფლებათა მდგომარეობა შეაჯამა.

ლომჯარიას თქმით, სახალხო დამცველმა არაერთგზის გააკრიტიკა ხელისუფლება „კოვიდ-19“-ის პანდემიის მართვის იმ მიდგომების გამო, რამაც სახელმწიფოს მხრიდან ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლების დაცვას რეალური საფრთხე შეუქმნა.

„კოვიდის წინააღმდეგ გატარებული არაეფექტური ღონისძიებების შედეგად დღესაც ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების მაღალი მაჩვენებელია, რაც სამედიცინო სექტორის გადატვირთულობას იწვევს. სამწუხაროდ, არსებითად არ მცირდება გარდაცვლილ პაციენტთა დღიური რაოდენობა და ერთ მილიონ მოსახლეზე, „კოვიდ-19“-ით გარდაცვალების შემთხვევებით, 9 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველო მე-7 ადგილზე იმყოფება“, – განაცხადა ლომჯარიამ.

ამასთან, სახალხო დამცველის თქმით, 2021 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, გასული წლების მსგავსად, უკიდურესად პოლარიზებულ საარჩევნო გარემოში წარიმართა. მისივე თქმით, წლის განმავლობაში გამოვლინდა მოქალაქეთა შეკრების უფლების რეალიზებაში ხელშეშლის შემთხვევები მათთვის გადაადგილების შეზღუდვის გზით, ასევე ადგილი ჰქონდა შეკრების მონაწილეებისთვის სამართალდამცავი პირების მხრიდან კარვის განთავსებაში ხელშეშლის ფაქტებს. კვლავ პრობლემური იყო სამართალდამცავი პირების მიერ შეკრების მონაწილეთა წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის გამო დაკავების მავნე პრაქტიკა, რაც უმეტესად ვერ პასუხობს აუცილებლობის მოთხოვნას და შეკრების თავისუფლებაში დაუსაბუთებელ ჩარევას წარმოადგენს.

„მედიის თავისუფლების მდგომარეობის შეფასების თვალსაზრისით შემაშფოთებელია ის საფრთხის შემცველი და მტრული გარემო, რაც ჟურნალისტების  მიმართ ქვეყანაში ბოლო პერიოდის განმავლობაში არსებობს და განსაკუთრებით 2021 წელს ჰქონდა ადგილი. 2021 წლის სახალხო დამცველმა კრიტიკული მედია საშუალებების წარმომადგენელთა მიმართ ფიზიკური თავდასხმის ათობით შემთხვევა აღრიცხა, მათ შორის, წინასაარჩევნო პერიოდში ჩვეულ პრაქტიკად ჩამოყალიბდა პოლიტიკური თანამდებობის პირთა მხრიდან ჟურნალისტების, განსაკუთრებით კი კრიტიკული მედიის წარმომადგენელთა მიმართ ცინიკური/აგდებული დამოკიდებულება და მათი დისკრედიტაციისკენ მიმართული განცხადებები.

5 ივლისის მოვლენები ცხადყოფს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არა მხოლოდ ვერ აღკვეთა ჟურნალისტებისა და ზოგადად მოქალაქეების მიმართ ძალადობა, რამაც მათი ჯანმრთელობა და სიცოცხლე რეალური საფრთხის ქვეშ დააყენა, არამედ, მეტიც, მაღალი თანამდებობის პირთა დისკრიმინაციულმა  განცხადებებმა აღნიშნული ძალადობა წააქეზა.

2021 წლის 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეების თავდასხმების შედეგად 45 ჟურნალისტს და ოპერატორს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა. სამწუხაროდ, 5 ივლისს მომხდარ ძალადობრივ ფაქტებთან მიმართებით საქართველოს პროკურატურას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და წახალისების ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა არცერთი პირის მიმართ არ დაუწყია, მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველის შეფასებით, საჯაროდ გავრცელებული მტკიცებულებები, სულ მცირე, ორი პირის მიმართ შესაბამისი ბრალის წარდგენის სტანდარტს აღწევს“, – აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველმა ისაუბრა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილს საქმესთან დაკავშირებითაც.

„მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის პერიოდში სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა უარი განაცხადა ბრალდებულის სასამართლოში მიყვანაზე. აღნიშნულის მიზეზად კი მკურნალობის არსებითი ნაწილის შეწყვეტა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიება დაასახელა. სასამართლოს წინაშე წარდგომის შესაძლებლობის შეზღუდვა უხეშად არღვევს კონსტიტუციითა და ევროპული კონვენციით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლებას. რაც შეეხება 2021 წლის 11 ნოემბერს იუსტიციის სამინისტროს/სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ N18 სამედიცინო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის ნების საწინააღმდეგოდ, ძალის გამოყენებით შესახლების ამსახველი კადრების გავრცელებას, აღნიშნული სახალხო დამცველმა პატიმრის პატივის, ღირსებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევად შეაფასა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ფაქტი ანალოგიურად შეფასდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერაც“, – აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველი ასევე ამბობს, რომ საანგარიშო პერიოდში, კვლავ უმნიშვნელოვანესს გამოწვევას წარმოადგენდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადაადგილების თავისუფლება კვლავ პრობლემად რჩება, საოკუპაციო ხაზზე, როგორც აფხაზეთის, ისე სამხრეთ ოსეთის მიმართულებით, უკანონო დაკავებების და პატიმრობის მანკიერი პრაქტიკა. ასევე, პატიმართა ცემა და არასათანადო მოპყრობის საკითხები. მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვა“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

​სახალხო დამცველის ცნობით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის დაცვა კვლავ გამოწვევად რჩება, ხოლო ახალი კორონავირუსის პანდემიის გამოწვევებმა დამატებითი პრობლემები შექმნა.