სახალხო დამცველის წარმომადგენელი - ომბუდსმენის აპარატი მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებს, განახორციელონ მონიტორინგი და რეაგირება ჰქონდეთ ე.წ. მაუგლის მეთოდზე
სახალხო დამცველის წარმომადგენელი - ომბუდსმენის აპარატი მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებს, განახორციელონ მონიტორინგი და რეაგირება ჰქონდეთ ე.წ. მაუგლის მეთოდზე

ომბუდსმენის აპარატის ბავშვის უფლებათა დეპარტამენტის უფროსი ქეთევან სოხაძე აცხადებს, რომ სახალხო დამცველის აპარატი მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებს, განახორციელონ მონიტორინგი და რეაგირება ჰქონდეთ ე.წ. მაუგლის მეთოდით მკურნალობაზე.

მისივე თქმით, საკითხზე მოკვლევა ომბუდსმენმა საკუთარი ინიციატივით განახორციელა, რის შემდეგაც ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს მიმართა.

ამასთან, ქეთევან სოხაძის განცხადებით, სახალხო დამცველი საქმის შესწავლას განაგრძობს.

„სახალხო დამცველმა მედიაში და სოციალურ სივრცეში გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, საკუთარი ინიციატივით დაიწყო საქმის შესწავლა, რადგან კადრებით იკვეთებოდა ბავშვთან უხეში მანიპულირებების განხორციელება, რაც შესაძლოა, მიუთითებდა ბავშვის მიმართ ძალადობის ფაქტებზე.

ასევე, დავინტერესდით საექიმო საქმიანობის კანონიერების განხორციელების თაობაზე. მივმართეთ სამედიცინო რეგულირების სააგენტოს, რომელმაც უკანონო საექიმო საქმიანობის განხორციელება დაადგინა. იცით, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ამ პირის. ასევე, პედიატრიის სფეროში სპეციალისტის დასკვნით იკვეთება, რომ მსგავსი უხეში ჩარევები შესაძლოა, დამაზიანებელი იყოს ბავშვის ჯანმრთელობისთვის და გამოიწვიოს ისეთი მძიმე დაზიანებები, როგორიცაა თავის ქალის, ხერხემლის დაზიანება, რბილი ქსოვილების და ასე შემდეგ. აღნიშნულზე მივმართეთ შესაძლო ძალადობის კუთხით როგორც სამართალდამცავ ორგანოებს, ასევე სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს. სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებს, რომ აქტიური ზედამხედველობა განახორციელონ ამ შემთხვევაზე. მოახდინონ პრევენცია მსგავსი ფაქტების და გამოკვეთილ ფაქტებზე დროული რეაგირება. სახალხო დამცველი აგრძელებს ამ საქმის შესწავლას. ძალიან მნიშვნელოვანია, თავად მშობლები უკიდურესი სიფრთხილით მოეკიდონ ბავშვებთან მსგავსი ტიპის მანიპულაციების განხორციელებას“, – განაცხადა ქეთევან სოხაძემ.

მოცემულ საკითხთან დაკავშირებით, დღეს სახალხო დამცველმა გაავრცელა განაცხადება, რომ საქართველოს სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ შეისწავლა მცირეწლოვანი ბავშვების თვითნებური, ე.წ. მაუგლის მეთოდით მკურნალობის საკითხი და უკანონო საექიმო საქმიანობის განხორციელების ფაქტი დაადგინა.

მათივე ცნობით, შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ აღნიშნული მეთოდი წარმოადგენს ბავშვების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველ ჩარევას, რასაც განსაკუთრებით მათ ადრეულ ასაკში, მძიმე და შეუქცევადი გართულებების განვითარება შეიძლება მოჰყვეს.

მოგვიანებით, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით, ე.წ. მაუგლის მეთოდისთვის ფიზიკური პირი 1 000 ლარით დაჯარიმდა.