სახალხო დამცველის თანამდებობაზე ერთ-ერთ კანდიდატურად სოფო ხორგუანი განიხილება
სახალხო დამცველის თანამდებობაზე ერთ-ერთ კანდიდატურად სოფო ხორგუანი განიხილება

საქართველოს სახალხო დამცველის თანამდებობაზე სოფო ხორგუანის კანდიდატურა განიხილება. პირველი არხის ინფორმაციით, სოფო ხორგუანის კანდიდატურაზე უკვე იმსჯელეს საქართველოს მთავრობაშიც, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

უჩა ნანუაშვილის შემცვლელად პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის თამარ ქალდანის კანდიდატურაც დასახელდა, თუმცა პირველი არხის ინფორმაციით, ქალდანმა შეთავაზებაზე უარი თქვა.

პირველ არხთან საუბარში სოფო ხორგუანი აცხადებს, რომ  ოფიციალური შეთავაზება არ მიუღია, თუმცა სმენია, რომ მისი კანდიდატურა ომბუდსმენის პოსტზე განიხილება.

„ოფიციალური წინადადება არ მიმიღია, შემოთავაზება ოფიციალურად არ ყოფილა, მაგრამ თქვენ რომ წყაროები გყავთ, ასეთი წყაროები მეც მიყვებიან, რომ სადღაც ჩემი კანდიდატურა განიხილება. ამის იქით, არაფერი ვიცი. სანამ არ შემომთავაზებენ, ანუ, არდაბადებული ბავშვი, როგორ განვიხილოთ? თუ ასეთი შემოთავაზება იქნება, ამას არ დავმალავ და ვიტყვი“, – აღნიშნავს ხორგუანი.

კითხვაზე – შეთავაზების შემთხვევაში დათანხმდება თუ არა წინადადებას, ხორგუანი ამბობს, რომ სახალხო დამცველის საქმიანობა ღირსებით სავსე საქმეა.

„გააჩნია, როგორი შემოთავაზება იქნება. ეს ისეთი სამსახურია, ამაზე უკეთესი, ღირსებით სავსე, პატივსაცემი და ადამიანების დაცვაზე მადლიანი საქმე არ არსებობს. ამაზე უფრო სასარგებლო რა უნდა იყოს“, – განაცხადა ხორგუანმა.

მოქმედ სახალხო დამცველს, უჩა ნანუაშვილს უფლებამოსილება 7 დეკემბერს ეწურება და ახალი ომბუდსმენის არჩება პარლამენტს მოუწევს.