სახალხო დამცველის მოადგილე - გამოხატვის თავისუფლება, რომ აგინო ვინმეს, ასეთი რამ არ არსებობს

გამოხატვის თავისუფლება – აგინო ვინმეს, ასეთი რამ არ არსებობს, – ამის შესახებ სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძემ ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციასთან,  აქციაზე   განუცხადა.

მისი თქმით, მთავრობის ადმინისტრაციასთან განვითარებული მოვლენები ქვეყანაში შეკრება-მანფესტაციის უფლების რეალიზებას ნამდვილად არ ეხმარება.

„ეს, რაც დღეს იყო, შეკრება-მანფესტაციის უფლების რეალიზებას ქვეყანაში არ ეხმარება. დღეს იყო შეკრება-მანიფესტაცია, იმის პარალელურად, იყო კონტრაქცია, სადაც ისმოდა ძალადობრივი განცხადებები, უამრვი შეძახილი, არამხოლოდ შეურაცხყოფა, არამედ მუქარა, პირდაპირი, არაპირდაპირი ნებისმიერ ბევრ სხვა საკითხთან დაკავშირებით.

გამოხატვის თავისუფლება – აგინო ვინმეს, ასეთი რამე არ არსებობს. ის, რომ ვიღაცას დაემუქრო სიცოცხლის მოსპობით, ჯანმთელობის ან ქონების განადგურებით, ეს არ არის გამოხატვის თავისუფლება. ეს არის ერთი რამე და ამას ჰქვია დანაშაული, სამართალდარღვევა, რომელსაც სჭირდება შესაბამისი პასუხი სახელმწიფოს მხრიდან“, – განაცხადა ბურჯანაძემ და აღნიშნა, რომ პირადადაც მასაც დაემუქრნენ.