სახალხო დამცველის მოადგილე - გავესაუბრე 23 დაკავებულს, მათი უმეტესობა აცხადებს, რომ დაკავებისას პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტებას ადგილი არ ჰქონია
სახალხო დამცველის მოადგილე - გავესაუბრე 23 დაკავებულს, მათი უმეტესობა აცხადებს, რომ დაკავებისას პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტებას ადგილი არ ჰქონია

სახალხო დამცველის მოადგილემ, თამარ გვარამაძემ პარლამენტის შენობასთან აქციის დროს დაკავებული პირები მოინახულა და მათ პირადად გაესაუბრა.

მისი თქმით, დაკავებულების უმეტესობა წარდგენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. გვარამაძის ინფორმაციით, მის მიერ მონახულებული დაკავებულების უმრავლესობა აცხადებს, რომ პოლიციელების მხრიდან დაკავებისას ძალის გადამეტებას ადგილი არ ჰქონია.

„გუშინდელი დღიდან საქართველოს სახალხო დამცველი და მისი წარმომადგენლები ძალიან აქტიურად ვაკვირდებით საპროტესტო აქციის შემდგომ განვითარებულ მოვლენებს. ჩვენ წუხელ უკვე მოვინახულეთ რამდენიმე დაკავებული ადამიანი და დღეს დილიდან ვაგრძელებთ მონიტორინგის პროცესს. ამ ფარგლებში გახლდით შსს-ს შენობაში, სადაც სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, დილიდან ჰყავდათ 27 ადამიანი დაკავებული, აქედან ორი ადამიანი ხელწერილით იქნა გათავისუფლებული, კიდევ ორი კი, სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

პირადად მე და ჩემი კოლეგა გავესაუბრეთ 23 ადამიანს, რომლებიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის კონკრეტული მუხლების საფუძველზე ჰყავთ დაკავებული. ეტაპობრივად მოხდება მათი სასამართლოში გადაყვანა. მათი უმრავლესობა არ ეთანხმება იმ საკითხს, რომ თითქოს ჩაიდინეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და მიიჩნევენ, რომ მსგავსი რამ არ ჩაუდენიათ. გამოკითხვის დროს უმეტესობა მიუთითებდა, რომ პოლიციის მხრიდან დაკავების შემდგომ ძალის გადამეტებას ადგილი არ ჰქონია, თუმცა რამდენიმე აღნიშნავს, რომ დაკავების დროს ჰქონდა უფლებამოსილების გადამეტებას ადგილი ცალკეულ შემთხვევებში, ისინი სცემეს და ა.შ. რამდენიმე მათგანს, რომლებმაც განაცხადეს, რომ აქვთ დაზიანება და რაც ოქმებშიც არის დაფიქსირებული, ვთხოვეთ ეჩვენებინათ ეს დაზიანებები. მათგან რამდენიმე დაგვთანხმდა და გვაჩვენა კიდეც. უმრავლეს შემთხვევაში არც დაზიანება აქვთ და მსგავს პრეტენზიასაც არ გამოთქვამენ“, – განაცხადა გვარამაძემ.

დატოვე კომენტარი