სახალხო დამცველის მოადგილე აცხადებს, რომ სამართალდამცველების ჩვენებების მიხედვით, 20 ივნისს რეზინის ტყვიებს კონკრეტული ბრძანების გარეშე, საფრთხის თავიდან ასაცილებლად იყენებდნენ
სახალხო დამცველის მოადგილე აცხადებს, რომ სამართალდამცველების ჩვენებების მიხედვით, 20 ივნისს რეზინის ტყვიებს კონკრეტული ბრძანების გარეშე, საფრთხის თავიდან ასაცილებლად იყენებდნენ

სახალხო დამცველის მოადგილემ, გიორგი ბურჯანაძემ 20-21 ივნისის საქმის ​გამოძიების მონიტორინგის ეფექტურობისა და გამჭვირვალობის მიზნით შექმნილ საკონსულტაციო საბჭოს წევრებს ინფორმაცია მიაწოდა.

გიორგი ბურჯანაძემ იმ ჩვენებებსა და მასალებზე ისაუბრა, რომელზეც წვდომა ომბუდსმენის ოფისს აქვს.

​როგორც ცნობილია, სახალხო დამცველი პოლიციელთა მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების პროცესშია ჩართული და საგამოძიებო მასალებს ყოველდღიურ რეჟიმში ეცნობა. ომბუდსმენის მოადგილის ინფორმაციით, ამ დროისთვის გამოკითხულია 570-მდე მოწმე, მათ შორის მაღალი თანამდებობის პირები.

„ჩვენ ამ საქმეზე გვაქვს დაშვება. დიდი ხანია ვეცნობით. 35-ზე მეტი ვიზიტი გვაქვს უკვე პროკურატურაში განხორციელებული საქმის მასალების შესასწავლად. ეს არის ზღვა მასალა და ძალიან დიდი საქმე. 550-ზე მეტი მოწმეა უკვე გამოკითხული. გვიწევს ამ მასალების გაცნობა, დოკუმენტაციის შესწავლა, ასევე რაციების ჩანაწერების მოსმენა. ამ ეტაპზე ვართ შესწავლის პროცესში, კონკრეტული ტენდენციების დანახვა შესაძლებელია, მაგრამ საბოლოო დასკვნას ჯერ არ ვაკეთებთ. ამ ეტაპისთვის საინტერესოა იმ პირთა ჩვენებები, რომლებიც უშუალოდ ახორციელებდნენ რეზინის ტყვიების გასროლას. ამ ჩვენებებიდან ტენდენციის სახით გამოვლინდა, რომ ყველა მათგანი საუბრობს, რომ ტყვიების გამოყენებისას მათ არ ქონდათ კონკრეტული ბრძანება, არამედ ისინი მოქმედებენ და საფრთხის თავიდან ასაცილებლად. ჩვენ ამ ეტაპზე სამართლებრივად ვამოწმებთ ამ საფუძვლებს, რამდენად სწორი დასკვნაა ეს და რამდენად გამომდინარეობს როგორც კანონმდებლობიდან, ასევე საერთაშორისო პრაქტიკიდან. ამის შემდგომ, ბუნებრივია, ჩვენ დამატებით ვნახავთ და გავაანალიზებთ, ხომ არ შეიძლება ვიღაცის მიერ იკვეთებოდეს კონკრეტული სამართალდარღვევის ჩადენა“, – განაცხადა ​სახალხო დამცველის მოადგილემ, გიორგი ბურჯანაძემ.