სახალხო დამცველ ლევან იოსელიანის ოფისთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
სახალხო დამცველ ლევან იოსელიანის ოფისთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

სახალხო დამცველ ლევან იოსელიანის ოფისთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათ სურთ, ომბუდსმენს მიაწოდონ ინფორმაცია „როგორც  არჩევნებზე დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით, ასევე საპროტესტო აქციების მიმდინარეობის დროს დემონსტრანტთა დაზიანებების შესახებ“.

აქციის მონაწილეებმა სახალხო დამცველის ოფისთან „კოალიცია ცვლილებებისთვის“ მიერ არჩევნების დღეს შედგენილი საჩივრების ოქმები მიიტანეს  და კანცელარიაში ჩააბარეს.

„მთავარი მოთხოვნაა, რომ ომბუდსმენი უნდა ომბუდსმენობდეს. მან უნდა იცოდეს, რომ არის სახალხო დამცველი და არა „ქართული ოცნების“ დამცველი. მან გუშინ და გუშინწინ განაცხადა, რომ წამება სისტემური არ ყოფილა. ეს არის აბსურდი, რადგან ის თავად ამბობს, რომ 100-ზე მეტ კაცს შეხვდა და ასივე ერთსა და იმავეს რომ გაგიმეორებს, ეს უკვე სისტემურ წამებას ნიშნავს. ლევან იოსელიანმა ასევე აღნიშნა, რომ მას არ სჯერა არჩევნების გაყალბების, რადგან მისთვის არავის მოუტანია სამხილი. ამიტომ მე დღეს წავედი, მხოლოდ ერთი კოალიციის მიერ შეგროვილი დარღვევები და სამხილები მოვუტანე და კანცელარიაში ჩავაბარე. ასევე ჩავაბარე „ისფედის“ დასკვნა. იმედია, შეუძლია, დაგუგლოს ეუთო/ოდირის დასკვნა და წაიკითხოს თავიდან ბოლომდე. არა მარტო ისე, როგორც ეს „იმედში“ წაგვიკითხა „ქართულმა ოცნებამ“, – განაცხადა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორმა, სოფიო შამანიდმა.