სახალხო დამცველის კანდიდატურის შერჩევის მიზნით, ცხრაკაციანი კომისია იმუშავებს
სახალხო დამცველის კანდიდატურის შერჩევის მიზნით, ცხრაკაციანი კომისია იმუშავებს

სახალხო დამცველის შერჩევის მიზნით, საკონკურსო კომისიის შემადგენლობა უკვე ცნობილია. ამ სიასთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები დღეს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს შეხვდნენ და მასთან კონსულტაცია გაიარეს.

შეხვედრიდან გამოსულმა ოპოზიციის წარმომადგენლებმა დაასახელეს ის პირები, ვინც იქნებიან კომისიაში წარმოდგენილი: დავით ასათიანი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე; თამარ ზარანდია, თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის დეკანი; ნათია კუპრაშვილი რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის თავმჯდომარე; ლარისა ლიპარტელიანი პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე; ელენე რუსეთსკაია „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ დირექტორი; არნოლდ სტეპანიანი ა/ო „მრავალეროვანი საქართველოს“ თავმჯდომარე; ნინო ჩხობაძე საქართველოს „მწვანეთა მოძრაობის“ თავმჯდომარე; ეკა ციმაკურიძე ა/ო „დემოკრატიის ინდექსი-საქართველოს“ თავმჯდომარე; ლევან ცუცქირიძე „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის“ დირექტორი. სწორედ ეს კომისია იმსჯელებს იმ კანდიდატებთან დაკავშირებით, რომლებიც 29 სექტემბრამდე მიმართავენ პარლამენტს სახალხო დამცველის თანამდებობაზე არჩევის მიზნით.

პროცედურის შესაბამისად, კომისია სახალხო დამცველის კანდიდატებს მოუსმენს და გააკეთებს შეფასებას. მოგვიანებით კი, პროცესი უკვე პარლამენტში გაგრძელდება. სახალხო დამცველის კანდიდატებს მოუსმენენ საკომიტეტო ფორმატში, მათგან კი, არჩევანს გააკეთებენ ფრაქციები და პოლიტიკური ძალები. „ქართული ოცნება“ კანდიდატის წარდგენის პროცესში არ ჩაერთვება. ეს პროცესი მათი მხრიდან დათმობილია ოპოზიციისთვის. სახალხო დამცველის არჩევას 90 ხმა სჭირდება.