სახალხო დამცველის აპარატიდან გათავისუფლებულმა თანამშრომელმა 50 560 ლარი მიიღო
სახალხო დამცველის აპარატიდან გათავისუფლებულმა თანამშრომელმა 50 560 ლარი მიიღო

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სახალხო დამცველის აპარატის მიერ 2016-2017 წლებში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვებისა და შრომის ანაზღაურების შესაბამისობის აუდიტი გამოაქვეყნა.

დოკუმენტის ერთ-ერთი ნაწილი 2016 წლის 11 ივლისიდან სახალხო დამცველის აპარატიდან გათავისუფლებული თანამშრომლის, საქმის წარმოებისა და ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსის, ილია ჭანტურიას საქმეს ეხება. ჭანტურია აღდგენილ იქნა თანამდებობაზე 2018 წლის 3 იანვრიდან და მას იძულებითი განაცდური ხელფასი აუნაზღაურდა.

„სამივე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული სახალხო დამცველის ბრძანება, რომლის მიხედვითაც, მოხელე თანამდებობიდან იყო გათავისუფლებული. სამსახურში მისი აღდგენის შედეგად, სახალხო დამცველის აპარატის მიერ გაწეულია 50,560 ლარის ოდენობის დამატებითი ხარჯი“, – ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, ხელმძღვანელს აქვს მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლების უფლება. თუმცა, მოხელის შესაბამისი დასაბუთების გარეშე გათავისუფლებამ შესაძლოა, გამოიწვიოს განაცდურის სახით გაუთვალისწინებელი დამატებითი ხარჯის გაწევა.

აუდიტში საუბარია სხვა დარღვევებზეც. კერძოდ, 2016 წლის განმავლობაში აპარატის შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობა 27 ერთეულით, ხოლო 2017 წელს 25 ერთეულით აჭარბებდა კანონმდებლობით განსაზღვრულ ოდენობებს.

„ვერ მივიღეთ რწმუნება იმის შესახებ, 2016-2017 წლებში 12 შტატგარეშე მოსამსახურე, რომელთა შრომის ანაზღაურებამ შეადგინა 247 010 ლარი, დასაქმებული იყო თუ არა კანონმდებლობით გათვალისწინებული არამუდმივი ამოცანების შესასრულებლად“, – აღნიშნავენ აუდიტის სამსახურში.

ანგარიშში საუბარია საბიუჯეტო სახსრების არარაციონალურ ხარჯვაზეც.

„2016 წელს 105 500 ლარად ღირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების შეძენა, რომელიც პირველი სამი თვის განმავლობაში გაჩერებული იყო ავტოსადგომზე, განხორციელდა საჭიროების შესწავლის გარეშე, ხოლო 2017 წლის დეკემბერში განსაკარგავად გადაეცა სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს“, – ნათქვამია ანგარიშში.