სახალხო დამცველის აპარატი განცხადებას ავრცელებს 
სახალხო დამცველის აპარატი განცხადებას ავრცელებს 

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი თბილისში, რუსთაველის გამზირზე გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს სახალხო დამცველი და მისი წარმომადგენლები მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე აკვირდებოდნენ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს; აპარატის თანამშრომლებმა პოლიციის სამმართველოებში მოინახულეს აქციის დაკავებული მონაწილეები, რომელთა ნაწილმაც სამართალდამცავთა  მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტების ფაქტებზე მიუთითა.

„სახალხო დამცველის წარმომადგენლები აქტიურად სწავლობენ აქციის მიმდინარეობისას დაფიქსირებულ თითოეულ ინციდენტს. ასევე მუშაობენ სავარაუდოდ დაკავებულ და დაკარგულ პირთა ადგილსამყოფელის დასადგენად. ამასთან, დააკვირდებიან სასამართლო პროცესებს, მოინახულებენ საავადმყოფოში გადაყვანილ დაზარალებულებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, განცხადების თანახმად, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, სამართლებრივ შეფასებას სახალხო დამცველი მოგვიანებით გააკეთებს.

ომბუდსმენის ოფისი ცხელი ხაზის ნომერსაც აქვეყნებს.

„სავარაუდო უფლებადარღვევის თაობაზე ინფორმაციის ფლობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ცხელ ხაზს: 1481“, – აღნიშნულია სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში.