სახალხო დამცველის აპარატი ახალი შენობის მშენებლობისთვის ელექტრონულ ტენდერს აცხადებს
სახალხო დამცველის აპარატი ახალი შენობის მშენებლობისთვის ელექტრონულ ტენდერს აცხადებს

სახალხო დამცველის აპარატის შენობის მშენებლობისთვის საპროექტო მომსახურების შესყიდვის ტენდერი გამოცხადდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 282 000 ლარია. სატენდერო პირობების მიხედვით, საერთო სასარგებლო ფართი უნდა შეადგენდეს 3500-4000 კვ.მ-ს.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სახალხო დამცველისთვის განკუთვნილი სივრცე უნდა მოიცავდეს შემდეგ ოთახებს: ძირითადი კაბინეტი, შეხვედრების/თათბირის ოთახი, დამხმარე ოთახი (მოსასვენებელი სივრცე), თანაშემწის ოთახი, სველი წერტილი. სახალხო დამცველის მოადგილეებისთვის განკუთვნილი სივრცე უნდა მოიცავდეს შემდეგ ოთახებს: ძირითადი კაბინეტი და შეხვედრების სივრცე, თანაშემწის ოთახი, სველი წერტილი.

დეპარტამენტისა და სამმართველოს უფროსებისთვის განკუთვნილი უნდა იყოს ინდივიდუალური კაბინეტები, საშუალოდ 20-25 კვ.მ. ხელშეკრულებით დასაქმებული სხვა თანამშრომლებისთვის განკუთვნილი უნდა იყოს ჯგუფურად მუშაობის საერთო ოთახები, თითო ოთახი საშუალოდ 4-5 ადამიანზე გათვლილი, საშუალოდ 30-40 კვ.მ. ასევე, შენობა უნდა მოიცავდეს მოქალაქეთა მისაღებ ცენტრს, აღჭურვილი უნდა იყოს ბავშვთა გასართობი კუთხით და ინდივიდუალური შეხვედრების ოთახებით. აგრეთვე, მასში განთავსებული უნდა იყოს კანცელარიის ოთახი, ბრიფინგის სივრცე ჟურნალისტთა მოსაცდელი ოთახებით; საკონფერენციო დარბაზები გამასპინძლების ზონით და სველი წერტილებით.

სააგენტოს ცნობითვე, სასურველია ორი საკონფერენციო დარბაზის მოძრავი ტიხრით დაკავშირება, რათა საჭიროების შემთხვევაში მოხდეს სივრცის გაერთიანება კვების ბლოკს, დასვენების ზონებს ინტეგრირებულს კვების ბლოკთან, სამკითხველო დარბაზს, საიდუმლო ოთახს, არქივის ოთახებს, მიწისქვეშა და მიწისზედა პარკინგს (საშუალოდ 40-50 ავტომობილზე), ტერასებს და აივნებს; სამეურნეო დანიშნულების ოთახებს და სხვა ყველა საჭირო სივრცეს შორის, რათა სახალხო დამცველის აპარატმა სრულფასოვანი მუშაობა შეძლოს. საპროექტო შენობა მისაწვდომი უნდა იყოს შშმ-პირთათვის.

ელექტრონულ აუქციონზე წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 14 იანვარს გამოცხადდება და 17 იანვარს დასრულდება.