სახალხო დამცველი „ტოლერანტობის ქომაგის“ გამოვლენის პროცესზე განცხადებას ავრცელებს
სახალხო დამცველი „ტოლერანტობის ქომაგის“ გამოვლენის პროცესზე განცხადებას ავრცელებს

სახალხო დამცველი რელიგიათა საბჭოს მიერ 2017 წლის 16 ნოემბერს „ტოლერანტობის ქომაგის“ ჯილდოს გადაცემის საკითხზე დამატებით განმარტებას აკეთებს.

განცხადებაში უჩა ნანუაშვილი აღნიშნავს, რომ „ტოლერანტობის ქომაგებს“ გამოავლენს რელიგიათა საბჭო, სახალხო დამცველის ყოველგვარი ჩარევის გარეშე.

„წესდების მიხედვით, რელიგიათა საბჭო ხმათა უმრავლესობით ირჩევს „ტოლერანტობის ქომაგს“, ხოლო ხმის უფლება მხოლოდ საბჭოში გაწევრიანებული რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებს აქვთ.

სახალხო დამცველი განმარტავს, რომ ამავე წესების მიხედვით, კანდიდატი ტოლერანტობის ქომაგად, მიმდინარე წელს, ქვეყანაში ტოლერანტული გარემოს დამკვიდრებისათვის გაწეული განსაკუთრებული დამსახურების მიხედვით უნდა შეირჩეს. თუმცა, აღნიშნული წესები, მათგან გადახვევის შემთხვევაშიც კი, არ ითვალისწინებს სახალხო დამცველის მიერ საბჭოს გადაწყვეტილების ცვლილების შესაძლებლობას.

სახალხო დამცველი აქვე ხაზს უსვამს კონკურსის კრიტერიუმების დახვეწის, შერჩევის პროცესის გამჭვირვალობის, მხოლოდ შეხვედრის და ღია მსჯელობის ფორმატში კანდიდატებზე შეჯერების აუცილებლობას, რათა მომავალში გამოირიცხოს მსგავსი დისკუსიები“,- აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, მწერალმა ნაირა გელაშვილმა სახალხო დამცველს „ტოლერანტობის ქომაგის“ ჯილდო დაუბრუნა. 

როგორც მწერალმა განაცხადა, მისი პროტესტი „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიასა და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ისთვის „ტოლერანტობის ქომაგის“ ჯილდოს გადაცემამ გამოიწვია.