სახალხო დამცველი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს უახლოეს დღეებში შეხვდება
სახალხო დამცველი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს უახლოეს დღეებში შეხვდება

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს უახლოეს დღეებში შეხვდება. როგორც ლომჯარიამ განაცხადა, შეხვედრა ოჯახის სურვილით გაიმართება.

ლომჯარიას თქმით, შეხვედრის შემდგომ გამოიკვეთება, კონკრეტულად რა მიმართულებით სჭირდება ოჯახს სახალხო დამცველის მხარდაჭერა და დახმარება.

„უახლოეს დღეებში ვხვდები გარდაცვლილი გოგონას მშობლებს, მათი სურვილით. ამ შეხვედრის შემდგომ გამოიკვეთება, კონკრეტულად რა მიმართულებით სჭირდებათ სახალხო დამცველის მხარდაჭერა და დახმარება. სწორედ ამის შემდეგ ალბათ, მივიღებთ გადაწყვეტილებას, ჩვენი მანდატიდან გამომდინარე, რა მიმართულებით არის შესაძლებელი სახალხო დამცველის ჩართულობა ამ საქმეში.

დღემდე ჩვენამდე არ მოსულა საქმის მასალები, მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ გაგვიჟღერებია მსგავსი მოწოდება. აქედან გამომდინარე, საქმის გარემოებაზე შეფასებებს ვერ გავაკეთებ. ვხედავ, რომ ოჯახი გამოძიების მისამართით გამოთქვამს სერიოზულ უკმაყოფილებას, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება შეხვედრა, რომელსაც იმედი მაქვს დაესწრება ადვოკატიც, რომ სამართლებრივ საკითხებზეც ვისაუბროთ. სახალხო დამცველსაც აქვს მანდატის თავისი ლიმიტები, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხებზე შევჯერდეთ როგორ და რა ფორმით შეიძლება ჩავერთოთ აღნიშნული საქმის გამოძიების პროცესში“,- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

დატოვე კომენტარი