სახალხო დამცველი სავარაუდო არაკანონიერი მიყურადების ფაქტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
სახალხო დამცველი სავარაუდო არაკანონიერი მიყურადების ფაქტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს სახალხო დამცველი სავარაუდო არაკანონიერი მიყურადების ფაქტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„2021 წლის პირველ აგვისტოს, ტელეკომპანია მთავარი არხის დირექტორმა ნიკა გვარამიამ, ამავე არხის ეთერით გაავრცელა ე.წ. ოპერატიული კრებსები, რომელიც, მისი განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ პოლიტიკოსებზე, არასამთავრობო ორგანიზაციებზე, სასულიერო პირებზე, ჟურნალისტებზე, დიპლომატებზე, ბიზნესმენებსა და საჯარო მოხელეებზე თვალთვალს ასახავს. ჩანაწერების მიხედვით, სამსახური ახორციელებს უკანონო სატელეფონო მოსმენას, მიყურადებასა და თვალთვალს სხვადასხვა პირების სექსუალური ორიენტაციის, პირადი ურთიერთობებისა და სექსუალური პარტნიორების შესახებ, ასევე უსმენს საჯარო პირების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და ჟურნალისტების სატელეფონო ზარებს.

გავრცელებულ ჩანაწერებში ასახული ინფორმაცია (კერძოდ, ზარების განხორციელება და მათი შინაარსი) დაადასტურა რამდენიმე პირმა. იმის გათვალისწინებით, რომ გავრცელებული ინფორმაცია შეიცავს არაერთი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ნიშნებს, სახალხო დამცველი გამოძიების დაწყებას და უკანონო მიყურადებაზე პასუხისმგებელ პირთა დასჯას აუცილებლად მიიჩნევს, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ სამწუხაროდ, მსგავსი კატეგორიის დანაშაულებზე დაწყებული გამოძიება არაეფექტიანად მიმდინარეობს და მეტწილად უშედეგოდ გრძელდება.

სახალხო დამცველი საზოგადოებას შეახსენებს, რომ 2016 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა სახალხო დამცველისა და სხვადასხვა მოქალაქის სარჩელები და არაკონსტიტუციურად ცნო ფარული მოსმენა-მიყურადების მარეგულირებელი კანონმდებლობა. თუმცა, საქართველოს პარლამენტის მიერ 2017 წლის 22 მარტს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები აღნიშნულ გადაწყვეტილებაში მითითებულ სტანდარტებს კვლავ ვერ აკმაყოფილებდა, რის გამოც სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით კიდევ ერთხელ მიმართა. საკონსტიტუციო სასამართლომ საქმის განხილვა 2018 წელს დაასრულა, თუმცა გადაწყვეტილება დღემდე არ არის მიღებული.

მოქმედი კანონმდებლობით, ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე უფლებამოსილი ორგანო არის სსიპ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, რომელიც კვლავ რჩება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სრული ინსტიტუციური, ფინანსური და ორგანიზაციული დამოკიდებულების ქვეშ. თავის მხრივ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აქვს პროფესიული დაინტერესება, მოაგროვოს მაქსიმალურად ბევრი ინფორმაცია. სამწუხაროდ, ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს გარე საპარლამენტო კონტროლი არაეფექტიანია; ასევე, შეზღუდულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფლებამოსილება. შესაბამისად, როგორც სატელეფონო, ისე – ელექტრონული და ინტერნეტ-მონაცემების მოპოვების პროცესთან დაკავშირებით არსებობს მაღალი რისკები, რომელიც დღემდე იძლევა თვითნებობისა და დანაშაულის დაუსჯელად ჩადენის შესაძლებლობას.

სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, გამოიყენოს მის ხელთ არსებული საზედამხედველო მექანიზმები ფარული მიყურადების მოქმედი სისტემის შესამოწმებლად. ასევე აუცილებელია საკანონმდებლო ზედამხედველობის გაძლიერება და მეტი ინსტრუმენტისა და მექანიზმის შემოტანა, საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილების შესაბამისად.

ფარული აუდიო და ვიდეოჩანაწერების, მათ შორის, პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გავრცელების მძიმე პრაქტიკის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი ასევე იმედოვნებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო უახლოეს მომავალში მიიღებს გადაწყვეტილებას, რომლითაც კიდევ ერთხელ დადასტურდება ხსენებული რისკების არსებობა და მათზე მყისიერი სამართლებრივი რეაგირების აუცილებლობა“, – აცხადებს სახალხო დამცველი.

დატოვე კომენტარი