სახალხო დამცველი - საქართველოში ბოშათა თემის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა
სახალხო დამცველი - საქართველოში ბოშათა თემის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა

საქართველოს ბოშათა თემის მდგომარეობა განათლების, ჯანდაცვის, ინტეგრაციისა და დასაქმების თვალსაზრისით, განსაკუთრებით მძიმეა, – ამის შესახებ ნათქვამია სახალხო დამცველის 2018 წლის წლიურ ანგარიშში.

დოკუმენტში მიმოხილულია ბოშათა თემის პრობლემები და აღნიშნულია, რომ 2014 წლის აღწერის მონაცემებით, საქართველოში 604 ბოშა ცხოვრობს.

„ბოშების დიდ ნაწილს არ აქვს მუდმივი საცხოვრებელი, ან თუ აქვს, თავის საქმიანობიდან გამომდინარე, ხშირად უწევს საცხოვრებელი ადგილის შეცვლა – ბინის დაქირავება, რაც, თავის მხრივ, ბავშვების სკოლაში სიარულსა და აკადემიურ მოსწრებაზე ნეგატიურად აისახება. ასევე პრობლემურია ისიც, რომ ბოშა ბავშვების ძალიან მცირე ნაწილი დადის ბაგა-ბაღში და სასკოლო მზაობის ცენტრებში. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სკოლაში 263 ბოშა ბავშვი სწავლობს. აღნიშნული სტატისტიკა საგანგაშოა, რადგან ბოშა მოსწავლეების დიდი ნაწილი დაწყებითი კლასების დამთავრების შემდეგ თავს ანებებს სწავლას. ეს, უმეტესწილად ბოშების მძიმე სოციალური მდგომარეობითა და მათი აკადემიური მოსწრების დაბალი მაჩვენებლით არის განპირობებული, რაც ასევე მძიმე სოციალური პირობებისა და განათლების მისაღებად საჭირო გარემოს არარსებობით არის გამოწვეული“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ საჯარო სკოლებში პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაციის წესი ბოშა ბავშვებს სასკოლო განათლების მიღების გზაზე დამატებით სირთულეებს უქმნის, რადგანაც ბოშების უდიდესი უმრავლესობა არ ფლობს კომპიუტერს და ვერ ახერხებს ელექტრონული წესით თავისი შვილებისა და ოჯახის წევრების რეგისტრაციას.

„ბოშების ძალიან მცირე ნაწილია სტაბილურად დასაქმებული. მოუწესრიგებელი დოკუმენტაციის, განათლების დაბალი დონისა და საზოგადოების ნაწილის მიერ მათი მიუღებლობის გამო, ბოშები ძალიან იშვიათად და ისიც, დროებით სამუშაოებზე თუ საქმდებიან. რამდენიმე გამონაკლისის გარდა, არც ერთ ბოშას არ აქვს სტაბილური სამუშაო. მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო, ბოშების ნაწილი იძულებულია თავი დახმარების თხოვნით ირჩინოს. თემის წარმომადგენლებთან გასაუბრებისას აღმოჩნდა, რომ ბოლო პერიოდში გახშირდა ბოშების შრომითი მიგრაცია ევროპის ქვეყნებსა და თურქეთში“, – ნათქვამია ანგარიშში.