სახალხო დამცველი სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, საარჩევნო პერიოდში დანაშაულებრივ ქმედებებზე გამოძიება ობიექტურად წარმართონ
სახალხო დამცველი სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, საარჩევნო პერიოდში დანაშაულებრივ ქმედებებზე გამოძიება ობიექტურად წარმართონ

საქართველოს სახალხო დამცველი აქტიურად ადევნებს თვალს წინასაარჩევნო პროცესის მიმდინარეობას და შეშფოთებას გამოთქვამს ზუგდიდში უკიდურესად დაძაბული ვითარების გამო, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებაში, რომლითაც ნინო ლომჯარია ზუგდიდში საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას ეხმიანება.

სახალხო დამცველის განცხადებით, თავისუფალ, თანასწორ და მშვიდობიან გარემოში არჩევნების ჩატარება დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი პრინციპია.

ნინო ლომჯარია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, რომ საარჩევნო პერიოდში დაფიქსირებულ თითოეულ დანაშაულებრივ ქმედებაზე გამოძიება ობიექტურად წარმართონ.

„უკანასკნელ პერიოდში, ყოველდღიურად ვრცელდება ინფორმაცია სხვადასხვა ძალადობრივი ინციდენტების, მხარეებს შორის დაპირისპირების, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის, მოქალაქეთა ნებაზე ზეგავლენისა და ამომრჩევლის მოსყიდვის შესაძლო შემთხვევების თაობაზე, რაც პირდაპირ ნეგატიურ გავლენას ახდენს არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებაზე.

სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ უწყებებს, შუალედური არჩევნების საარჩევნო პერიოდში დაფიქსირებულ თითოეულ ასეთ დანაშაულებრივ ქმედებასთან დაკავშირებით გამოძიება ობიექტურად, დროულად, ეფექტიანად და სათანადო კვალიფიკაციით წარმართონ და გამოძიების შედეგების თაობაზე საზოგადოების დროული ინფორმირება მოახდინონ”, – აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.