სახალხო დამცველი - მოვუწოდებთ სასამართლოს, დროულად, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და სამართლიანად წარმართოს განხილვები
სახალხო დამცველი - მოვუწოდებთ სასამართლოს, დროულად, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და სამართლიანად წარმართოს განხილვები

საქართველოს სახალხო დამცველი 18 ნოემბერს აქციაზე დაკავებულ პირთა სასამართლო პროცესებს განცხადებით ეხმიანება.

სახალხო დამცველი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოუწოდებს, დროულად, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და სამართლიანად წარმართოს სასამართლო განხილვები.

„2019 წლის 18 ნოემბერს დაკავებულები მოვინახულეთ იმავე საღამოს და ყველა მათგანს გავესაუბრეთ ინდივიდუალურად მათი დაკავების კანონიერებასთან და სხვა შესაძლო უფლება დარღვევებთან დაკავშირებით.

19 ნოემბერს, მთელი დღის განმავლობაში სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები აკვირდებიან სასამართლო პროცესების მსვლელობებს. მნიშვნელოვანია, ყველა დაკავებულს და მათ ადვოკატებს მიეცეთ საკმარისი დრო და საშუალება, წარმოადგინონ მათი პოზიციის დაცვის საშუალება.

ამ ეტაპზე ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, დაკავებულთა ნაწილი დაკავებულია 18 ნოემბერს, სამუშაო დროს, შესაბამისად მათ მიმართ დაკავების მაქსიმალური ვადა საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით არის 12 საათი. ამ ვადის გასვლის შემდგომ, აუცილებელია მათი გათავისუფლება.

აქვე გვსურს ხაზი გავუსვათ იმ ფაქტს, რომ ადმინისტრაციულად დაკავებულების საქმეებს განიხილავს მხოლოდ ერთი მოსამართლე, რაც ბუნებრივია ართულებს სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას. აუცილებელია, დამატებით სხვა მოსამართლეთა პროცესში ჩართულობა, რათა არ დაირღვეს დაკავებულთა საპროცესო უფლებები.

მოვუწოდებთ თბილისის საქალაქო სასამართლოს, დროულად, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და სამართლიანად წარმართონ სასამართლო განხილვები“, – აღნიშნულია განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 18 ნოემბერს პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის დროს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის სულ დაკავებულია 37 პირი.