სახალხო დამცველი – იუმორისტულ გადაცემებში შშმ პირთა მიმართ იკვეთება დისკრიმინაციული ნარატივი, მოვუწოდებ მედიაპროდუქტის შემქმნელებს, გაითვალისწინონ ღირსების, თანასწორობისა და ინკლუზიის პრინციპები
იუმორისტულ მედიაპლატფორმებსა და გადაცემებში შშმ პირთა მიმართ იკვეთება სტიგმისა და დისკრიმინაციული სტერეოტიპების გამაძლიერებელი ნარატივი, მოვუწოდებ საჯარო პირებსა თუ მედიაპროდუქტის შემქმნელებს, შემოქმედებითი თავისუფლების განხორციელებისას გაითვალისწინონ ადამიანის ღირსების, თანასწორობისა და ინკლუზიის პრინციპები, – ამის შესახებ აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დემოკრატიულ საზოგადოებაში გამოხატვის თავისუფლება ერთ-ერთ ფუნდამენტურ უფლებას წარმოადგენს.
„საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება ბოლო პერიოდში საჯარო სივრცეში, მათ შორის, იუმორისტულ მედიაპლატფორმებსა და გადაცემებში გავრცელებულ შინაარსს, რომლებშიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ იკვეთება სტიგმისა და დისკრიმინაციული სტერეოტიპების გამაძლიერებელი ნარატივი. სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში გამოხატვის თავისუფლება ერთ-ერთ ფუნდამენტურ უფლებას წარმოადგენს.
ამავე დროს, გამოხატვის თავისუფლების განხორციელებისას მნიშვნელოვანია, გათვალისწინებული იქნეს მისი შესაძლო სოციალური გავლენა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გამოხატვის ობიექტი არიან მოწყვლადი ჯგუფები, რომლებიც არსებული სტიგმისა და წინასწარ განწყობების გამო უკვე აწყდებიან სოციალურ ბარიერებს. სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ იუმორსა და მედიაპროდუქტებს მნიშვნელოვანი როლი აქვთ საზოგადოებრივი დამოკიდებულებების, აღქმებისა და სტერეოტიპების ფორმირებაში. შესაბამისად, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმას, რა გზავნილს ქმნის კონკრეტული გამოხატვა ფართო საზოგადოებისთვის და ხომ არ უწყობს იგი ხელს ისეთი დამოკიდებულებების განმტკიცებას, რომლებიც კონკრეტული ჯგუფების გარიყვას ან დისკრიმინაციას განაპირობებს.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ არსებული სტიგმის დაძლევა და თანასწორი სოციალური გარემოს უზრუნველყოფა სახელმწიფოსა და საზოგადოების მნიშვნელოვანი ვალდებულებაა. შესაბამისად, მედიის, გასართობი ინდუსტრიისა და სხვა საჯარო პლატფორმების წარმომადგენლებს ეკისრებათ განსაკუთრებული სოციალური პასუხისმგებლობა, გაითვალისწინონ მათ მიერ გავრცელებული შინაარსის შესაძლო გავლენა იმ პირებსა და ჯგუფებზე, რომლებიც ისტორიულად ან ფაქტობრივად მოწყვლად მდგომარეობაში იმყოფებიან.
ამდენად, სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საჯარო პირებსა თუ მედიაპროდუქტის შემქმნელებს, შემოქმედებითი თავისუფლების განხორციელებისას გაითვალისწინონ ადამიანის ღირსების, თანასწორობისა და ინკლუზიის პრინციპები“, – აღნიშნულია განცხადებაში.