სახალხო დამცველი 20-21 ივნისს მოვლენების დროს დაკავებულთა ოჯახის წევრებსა და ადვოკატებს შეხვდა
სახალხო დამცველი 20-21 ივნისს მოვლენების დროს დაკავებულთა ოჯახის წევრებსა და ადვოკატებს შეხვდა

სახალხო დამცველი 20-21 ივნისს მოვლენების დროს დაკავებულთა ოჯახის წევრებსა და ადვოკატებს შეხვდა.

ნინო ლომჯარიამ მათგან დაკავებულების მდგომარეობის შესახებ მიიღო ინფორმაცია. სახალხო დამცველის თქმით, ბრალდებულებს შორის არიან ადამიანები, რომლებიც დაკავების დროს თუ სხვა გარემოებებში ძალადობას დაექვემდებარნენ.

„არის გარკვეული ინფორმაცია, რაც დღეს პირველად მოვისმინე. საქმე ეხება ერთ-ერთი ბრალდებულ პირზე დაზიანებებს. ადვოკატი საკითხზე ჩვენთანაც არ საუბრობს გახსნილად, თუმცა შეიძლება გარკვეული პერიოდის შემდეგ ამაზე მოგვაწოდოს დამატებითი ინფორმაცია. დაზიანების შედეგებზე ექსპერტიზას ელოდებიან, რითი იქნა დაზიანება და ეს გარემოება ადვოკატის აზრით არის ძალიან საეჭვო“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.

სახალხო დამცველის განცხადებით გაჭიანურდა პირთა დაზარალებულად ცნობაც.

„მათი ბრალდებულად ცნობა ძალიან სწრაფად მოხდა, მაგრამ დაზარალებულად ცნობა, იმ საქმეში რასაც პროკურატურა სწავლობს, იგივე პოლიციის მხრიდან ძალის ბოროტად გამოყენებას თუ გადამეტებასთან დაკავშირებით დღემდე არ მომხდარა. საყურადღებოა, რომ სასამართლო ექსპერტიზის შედეგები ჭიანურდება და დღემდე არ გაცემულა ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, იმისათვის, რომ ეს ადამიანები იქნან დაზარალებულად ცნობილი“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველის თქმით, იმ საქმეების შესწავლას, სადაც საეჭვო გარემოებები იკვეთება, ომბუდსმენის აპარატი შეისწავლის.