სახალხო დამცველი 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით პირველად შეფასებებს მომავალ კვირას გაასაჯაროებს
სახალხო დამცველი 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით პირველად შეფასებებს მომავალ კვირას გაასაჯაროებს

სახალხო დამცველი 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით პირველად შეფასებებს მომავალ კვირას გაასაჯაროებს.

ნინო ლომჯარიას თქმით, საქმესთან დაკავშირებით მსჯელობა გაიმართება საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზეც, რომლის შემადგენლობა უახლოეს დღეებში დამტკიცდება.

„ჩვენ მასალებს ვეცნობით. გუშინ ხუთ ტომს გავეცანით, თუმცა უკვე დღის ბოლოს ამ საქმეს რამდენიმე ტომი დაემატა.

მომავალ კვირას ალბათ გვექნება პირველადი შეხედულებები, რამდენად ეფექტურად მიმდინარეობს გამოძიება და რამდენად სწორია ის ტემპი და საგამოძიებო მოქმედებები, რაც ჩატარდა. ამ საკითხებზე ჩვენი საკონსულტაციო საბჭოს პირველ სხდომას მოვიწვევთ.საზოგადოებას და მედიას საბჭოს შემადგენლობას წარვუდგენთ, რომელიც უახლოეს დღეებში დამტკიცდება.

როდესაც ამ გამოძიებაში ჩავერთეთ, გვაინტერესებს არა მარტო ინდივიდუალური პოლიციელების თუ სპეცრაზმელის მხრიდან ჩადენილი გადაცდომები, არამედ გვაინტერესებს, რამდენად არსებობს იქ სისტემური პრობლემები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა იმართოს აქციები და როგორ უნდა მოხდეს აქციის დაშლა, წინააღმდეგობის გაწევა ძალადობრივი ჯგუფების მიმართ ისე, რომ პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება და სხეულის მძიმე დაზიანებები არ მოხდეს“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მისივე თქმით, სახალხო დამცველი დაინტერესდება არა მხოლოდ ინდივიდუალური შემთხვევების გამოძიებით, არამედ თუ რას აკეთებს პროკურატურა მათ შორის მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან გაცემული უკანონო ბრძანებების გამოსაკვეთად.

„ჩვენ დავინტერესდებით არა მარტო ინდივიდუალური შემთხვევების გამოძიების მიმართულებით, არამედ რას აკეთებს პროკურატურა იმისთვის, რომ გამოიკვეთოს, ხომ არ იყო მათ შორის მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან გაცემული უკანონო ბრძანებები. ან რატომ ვერ განხორციელდა სათანადო კონტროლი იმაზე, როგორც იქ ცალკეული პოლიციელები იქცეოდნენ.

მიმაჩნია, რომ არც სამართლებრივად და არც პოლიტიკურად პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს არავის ის გარემოება, რომ მისი თანამშრომლები ადამიანის უფლებებს არღვევდნენ. ისეთ სისტემაში როგორიც შინაგან საქმეთა სამინისტროა, ყველას ჰყავს შესაბამისი ზედამხედველი პირი და აქციის დაშლის დროსაც უნდა ყოფილიყო შესაბამისი ზედამხედველობა და კონტროლი, რომ თუ ადგილი რაღაც გადაცდომებს ჰქონდა, დროულად აღკვეთილიყო. ასევე სპეცრაზმს შესაბამისი დავალებები მისცემოდა, აქცია როგორ უნდა დაეშალათ“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.