საკასაციო ადმინისტრაციულმა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების რამდენიმე შუამდგომლობა დააკმაყოფილა
საკასაციო ადმინისტრაციულმა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების რამდენიმე შუამდგომლობა დააკმაყოფილა

უკრაინის უზენაესი სასამართლოს საკასაციო ადმინისტრაციულმა სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების რამდენიმე შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

როგორც „ინტერფაქს-უკრაინა“ წერს, სასამართლომ, რომელიც მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის საქმეს განიხილავს, პრეზიდენტის ადმინისტრაციას მოსთხოვა იმ დოკუენტების წარდგენა, რომელთა საფუძველზეც 2015 წელს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭეს, ასევე ის საბუთები, რომელთა საფუძველზეც მას მოქალაქეობა 2017 წელს ჩამოართვეს.

ამას გარდა, სასამართლომ უკრაინის გენერალურ პროკურატურას მოსთხოვა დოკუმენტების წარდგენა, რომელთა საფუძველზეც უკრაინულმა მხარემ საქართველოს 2015 წელს მიხეილ სააკაშვილის ექტსრადირებაზე უარი უთხრა.

ამას გარდა, სასამართლომ დააკმაყოფილა „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერის შუამდგომლობა საქმეში მესამე მხარედ უკრაინის სახელმწიფო მიგრაციული სამსახურის ჩართვის შესახებ.

როგორც მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა რუსლან ჩერნოლუცკიმ განაცხადა, დაცვის მხარემ სასამართლოში მოპასუხე მხარისა და მოწმის სახით პეტრო პოროშენკოს გამოცხადებაც მოითხოვა. ჩერნოლუცკის თქმით, სასამართლო აღნიშნულ შუამდგომლობას განიხილავს.

უკრაინის უზენაესი სასამართლოს საკასაციო ადმინისტრაციული სასამართლო პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ მიხეილ სააკაშვილის სარჩელის განხილვას 16 მარტს გააგრძელებს. მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს სთხოვს, უკანონოდ ცნოს პეტრო პოროშენკოს განკარგულება, რომლითაც მას უკრაინის მოქალაქეობა ჩამოერთვა.