საკანონმდებლო მაცნეში კარანტინის წესებთან დაკავშირებულ დადგენილებაში შეტანილი ცვლილებები გამოქვეყნდა

18:57, 09.11.2020

საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა დადგენილება „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

დოკუმენტის თანახმად, თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთში, ზუგდიდში იკრძალება 22:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა.

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/05/2020, 470230000.10.003.022034) შეტანილ იქნეს ცვლილება  და დადგენილებით დამტკიცებული „იზოლაციისა და კარანტინის წესების“:

1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 6​1 − 6​3 პუნქტები:

„6​1. საცხოვრებელ ადგილზე მოსახლეობის დარჩენის უზრუნველსაყოფად, ქ. თბილისში, ქ. ბათუმში, ქ. ქუთაისში, ქ. რუსთავში, ქ. გორში, ქ. ფოთში, ქ. ზუგდიდში იკრძალება 22:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა.

6​2. ამ მუხლის 6​1 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება:

ა) საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებზე;

ბ) საჯარო დაწესებულებებისა და ამ დადგენილებით დაშვებული ეკონომიკური საქმიანობების განმახორციელებელი სუბიექტების მიერ ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებულ სიაში მყოფ პირებზე/სატრანსპორტო საშუალებებზე, რომელთა გადაადგილებაც კრიტიკულად აუცილებელია სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად;

გ) ჟურნალისტებზე, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლებზე, რომელთა სიაც შეთანხმებულია ოპერაციულ შტაბთან;

დ) განსაკუთრებული ან/და წინასწარ გაუთვალისწინებელი გარემოებებიდან გამომდინარე, ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებულ პირებზე/ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე.

6​3. ამ მუხლის 6​1 პუნქტით გათვალისწინებულ საკარანტინო ღონისძიებაზე არ ვრცელდება ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედება“.

2. მე-3 მუხლის პირველი და 1​1 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდების ან/და სასკოლო მზაობის პროგრამების განხორციელება შეჩერდეს. დანარჩენმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა სასწავლო პროცესი უნდა განახორციელონ „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად.

1​1. საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის განხორციელება დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უშუალოდ ან ამ წესის მე-9 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული უწყებების დახმარებით განხორციელებული შემოწმების შედეგად სამუშაო ადგილებზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესრულებაზე გაცემული დადებითი დასკვნის საფუძველზე.“.

3. მე-6 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდებისა ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის განხორციელებისა.“.

მუხლი 2 – შესაბამის მუნიციპალიტეტებს ეთხოვოთ ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ქალაქებში მიიღონ შესაბამისი ზომები საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრთა ნაკადის შესამცირებლად.

მუხლი 3 – 1.  დადგენილება, გარდა დადგენილების პირველი მუხლის პირველი,  მე-2 და მე-3 პუნქტებისა და მე-2 მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2020 წლის 9 ნოემბრის 22:00 საათიდან, ხოლო მე-2 და მე-3 პუნქტები და მე-2 მუხლი ამოქმედდეს 2020 წლის 9 ნოემბრიდან“, – აღნიშნულია დოკუმენტში, რომელსაც პრემიერ- მინისტრი გიორგი გახარია აწერს ხელს.

მსგავსი