საკანონმდებლო ცვლილებით, 70 წელს გადაცილებული მოსახლეობისთვის პენსიის ზრდის უფრო მაღალი ინდექსი წესდება
საქართველოს მთავრობამ პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებები წარუდგინა, რომლის მიხედვითაც, კონკრეტული წესი განისაზღვრა, რითაც პენსიის ოდენობა გამოითვლება. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონპროექტის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება. ინიციატივაში აღნიშნულია, რომ პენსიის ოდენობა აისახება გაანგარიშებული შემდეგი წესით – 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის, ბოლო 12 თვის ინფლაციის მაჩვენებლების საშუალო არითმეტიკულის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 20 ლარის ოდენობით; ასევე 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერებისთვის, ჯამით, რომელიც უდრის ბოლო 12 თვის ინფლაციის მაჩვენებლების საშუალო არითმეტიკულს დამატებული ბოლო ექვსი კვარტლის მშპ-ის რეალური ზრდის მაჩვენებლების საშუალო არითმეტიკულის 80 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 25 ლარის ოდენობით. ამასთან, პროექტი ითვალისწინებს, რომ აღნიშნული წესით გამოთვლილი პენსიის ოდენობა, მრგვალდება მეტობით, უახლოეს ხუთის ჯერად რიცხვამდე.
„პენსიის ახალი ინდექსაცია პენსიის ზრდის უფრო მაღალ ინდექსს გულისხმობს 70 წელს გადაცილებული მოსახლეობისთვის, ვიდრე 70 წლამდე საპენსიო ასაკის მოსახლეობისთვის. აღნიშნული გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ 70 წელს ზემოთ მოსახლეობა უფრო მეტად არის მოწყვლადი შემოსავლის დაკარგვის მიმართ და ასევე ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული ხარჯების გათვალისწინებით მეტ სოციალურ გარანტიებს საჭიროებენ.
70 წლამდე მოსახლეობისთვის პენსია გაიზრდება ინფლაციის შესაბამისად, მაგრამ არანაკლებ 20 ლარით, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერები ყოველწლიურად მიიღებენ გაზრდილ პენსიას, რომელიც აკომპენსირებს ინფლაციას სრულად, ამასთან დამატებით იზრდება ეკონომიკის რეალური ზრდის 80 პროცენტით.
ეს მიდგომა უზრუნველყოფს ერთი მხრივ, მინიმუმ პენსიის მსყიდველობითი უნარის შენარჩუნებას და ასევე გრძელვადიან პერიოდში დაცული იქნება ფისკალური პარამეტრები. პენსია ასევე დაცული იქნება მოკლევადიანი რეცესიის შემთხვევაში შემცირებისგან და ყველა პენსიონერი ყოველწლიურად მიიღებს პენსიის ზრდას წელიწადში მინიმუმ 20 ლარის ოდენობით 70 წლამდე მოსახლეობისათვის, ხოლო მინიმუმ 25 ლარით 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერებისათვის. გასათვალისწინებელია, რომ მიზნობრივი ინფლაცია სამი პროცენტის ფარგლებშია, ხოლო პენსია მინიმუმ 20 ლარით გაიზრდება პენსიონერებისათვის ყოველწლიურად“, – აღნიშნულია კანონპროექტში.
მთავრობის ინფორმაციით, საქართველოში 2020 წლის აპრილის მდგომარეობით, 770 ათასი ასაკით პენსიონერია, რომელთა პენსიაც 220 ლარს შეადგენს და 2020 წლის ივლისიდან 70 წლის ასაკის ზემოთ პენსიონერებისთვის დაგეგმილია დამატებით 30 ლარიანი ზრდა. ასევე მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პენსიონერები დამატებით იღებენ პენსიაზე დანამატს (20 პროცენტი).