საკანონმდებლო ცვლილებებით, „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს“ გრანტის მიღება და გაცემა შეეძლება
საკანონმდებლო ცვლილებებით, „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს“ გრანტის მიღება და გაცემა შეეძლება

გრანტის გამცემ სუბიექტად საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტი – სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ განისაზღვრება. შესაბამისი ცვლილებები პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინა.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს“ გრანტის გაცემა შეეძლება საკუთარი საწესდებო მიზნების განსახორციელებლად. ამასთან, ცვლილებებით კონკრეტდება, რომ აღნიშნული ფონდი ემატება გრანტის მიმღებ სუბიექტთა ჩამონათვალს და დგინდება, რომ მისთვის საწესდებო მიზნების განსახორციელებლად გადაცემული სახსრები შესაძლებელია, მიჩნეულ იყოს გრანტად. პროექტით ასევე განისაზღვრება სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ მიერ გრანტის მიღების შემთხვევაში გრანტის გაცემაზე თანხმობის მიღებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის წესიც.

„დღეის მდგომარეობით კანონმდებლობა არ იძლევა შესაძლებლობას, სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა“ მიიღოს გრანტი სხვადასხვა დონორი ორგანიზაციებისგან ან კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში, გასცეს გრანტი სხვა პირებზე. ფონდის მიერ გრანტების მიღება, შესაძლებელს გახდის დამატებითი ფინანსური რესურსების მოზიდვას საწესდებო მიზნების განსახორციელებლად, მათ შორის სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროგრამებისა და პროექტების განხორციელების მიზნით.

სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“, რომლის აქციათა 100 პროცენტის მფლობელია სახელმწიფო, საწესდებო მიზნების განსახორციელებლად გეგმავს სხვადასხვა დონორი ორგანიზაციებისგან გრანტების მოზიდვასა და იმავე მიზნობრიობით, თავის მხრივ, გრანტების გაცემას კანონმდებლობით გათვალისწინებულ პირებზე. თუმცა, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების გარეშე, მოქმედი საკანონმდებლო რეგულირების პირობებში, ფონდს არ შეუძლია არც გრანტის მიღება და არც გრანტის გაცემა.

შემოთავაზებული ცვლილება შესაძლებლობას მისცემს ფონდს, კანონით დადგენილი პირობების ფარგლებში, ისარგებლოს დონორი ორგანიზაციებისგან მიღებული გრანტებით, ხოლო კანონმდებლობით გათვალისწინებულ გრანტის მიმღებ სხვა პირებს შესაძლებლობას მისცემს, გრანტები მიიღონ სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდისგან““, – ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.