საკანონმდებლო ცვლილებებით, რიგ პოზიციებზე განწესებულ-არჩეულ მოსამართლეთა უფლებამოსილების ვადები იზრდება
„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში მომზადებული ცვლილებებით, რიგ პოზიციებზე განწესებულ-არჩეულ მოსამართლეთა უფლებამოსილების ვადები იზრდება.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ვადების ზრდა ხდება, რათა სასამართლოს/კოლეგიის/პალატის მენეჯმენტი უფრო ეფექტიანად განხორციელდეს.
„ცნობილია, რომ მენეჯერულ თანამდებობაზე გამწესებული პირი დროთა განმავლობაში აგროვებს სათანადო გამოცდილებას, რომელსაც წარმატებით იყენებს საკუთარი უფლებამოსილების განსახორციელებლად“, – ნათქვამია პროექტში.
რაც შეეხება ვადების ზრდას, ცვლილებებით, იზრდება – უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის წევრთა უფლებამოსილების ვადა ორი წლიდან სამ წლამდე; უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატაში არჩეული მოსამართლის უფლებამოსილების ვადა სამი წლიდან ხუთ წლამდე; უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში არჩეული მოსამართლის უფლებამოსილების ვადა სამი წლიდან ხუთ წლამდე.
ზემოთ აღნიშნულის გარდა, ცვლილებებით იზრდება უზენაესი სასამართლოს პალატების თავმჯდომარეთა უფლებამოსილების ვადები. კერძოდ: საკვალიფიკაციო და სადისციპლინო პალატის თავმჯდომარეების უფლებამოსილების ვადები იზრდება სამი წლიდან ხუთ წლამდე, ხოლო დანარჩენი პალატების თავმჯდომარეების უფლებამოსილების ვადები – ხუთი წლიდან ათ წლამდე. ასევე, იზრდება სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, მისი მოადგილის, პალატების/კოლეგიის თავმჯდომარეთა უფლებამოსილების ვადები ხუთი წლიდან ათ წლამდე; რაიონული (საქალაქო) სასამართლოს/კოლეგიის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადები ხუთი წლიდან ათ წლამდე; მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის შემადგენლობის (თავმჯდომარის ჩათვლით) უფლებამოსილების ვადა სამი წლიდან ოთხ წლამდე.