საკანონმდებლო ცვლილებებით, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებიდან კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადადის
საკანონმდებლო ცვლილებებით, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებიდან კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადადის

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებიდან კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადადის. მომდევნო სასესიო კვირას პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს.

კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას დღეს მხარი ბიუროს სხდომაზე დაუჭირეს.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიცირებულ პროექტს უცნაური ინიციატივა უწოდა სოზარ სუბარმა. მისი თქმით, მან დასაბუთება ვერ ამოიკითხა, რატომ უნდა განახორციელოს ხელნაწერთა ცენტრის კონტროლი კულტურის სამინისტრომ.

„კონტროლის განმახორციელებელი ხელნაწერთა ცენტრის არის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და უნდა იყოს კულტურის სამინისტრო. კულტურის სამინისტროს საწინააღმდეგო რა უნდა მქონდეს, მაგრამ ხელნაწერთა ცენტრი თავისი არსით არის ყველაზე დიდი ერთ-ერთი წამყვანი სამეცნიერო დაწესებულება და რატომ ხდება ეს ცვლილება, დასაბუთება მე ვერ ამოვიკითხე უბრალოდ. მართლა უცნაური ინიციატივაა ჩემი აზრით“, – განაცხადა სუბარმა.

კანონპროექტის ინიცირების მიზეზი ბიუროს სხდომაზე მთავრობის საპარლამენტო მდივანმა განმარტა. ვახტანგ ბაჩიაშვილის თქმით, აღნიშნული ცენტრი კულტურის სამინისტროს პირველი იანვრიდან გადაეცემა, რაზეც მთავრობას შესაბამისი დადგენილება უკვე მიღებული აქვს.

„ეს ინიციატივა არის გამომდინარე იმ გადაწყვეტილებიდან, რომელიც მთავრობას უკვე მიღებული აქვს. მეცნიერებისა და ტექნოლოგიების კანონიდან გამომდინარე, მთავრობა განსაზღვრავს კვლევით დაწესებულებებს და მათ მაკონტროლებლებს. უკვე მიღებულია მთავრობის შესაბამისი დადგენილება, რომლითაც პირველი იანვრიდან გადაეცემა აღნიშნული ცენტრი კულტურის სამინისტროს და ვინაიდან კანონში ტექნიკურად არის ასახული, რომ ის არის განათლების სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული, ამ თვალსაზრისით იყო ეს საკანონმდებლო ინიციატივა წარმოდგენილი.გადაწყვეტილების მოტივი იყო ის, რომ ამ შემთხვევაში კულტურის პოლიტიკის განხორციელების ფარგლებში მოაზრებულიყო კულტურის სამინისტროს ერთიანი სისტემის ქვეშ აღნიშნული ინსტიტუტი“, – განაცხადა ბაჩიაშვილმა.

მთავრობის საპარლამენტო მდივნის ამ განმარტების მიუხედავად, სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილების არსი მისთვის მაინც გაუგებარია.

შალვა პაპუაშვილმა კანონპროექტის ინიციატორებს სთხოვა, კომიტეტის სხდომაზე ახსნან, რა უძღოდა აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ.