საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, მშენებლობა დამთავრებული ობიექტების გარკვეული პირობებით ექსპლუატაციაში მიღება შესაძლებელი ხდება
საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, მშენებლობა დამთავრებული ობიექტების გარკვეული პირობებით ექსპლუატაციაში მიღება შესაძლებელი ხდება

დედაქალაქის მერიის ინიციატივით, საქართველოს პარლამენტის მიერ შესაბამის კანონში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, იცვლება 2020 წლის 18 აგვისტოს მდგომარეობით მშენებლობა დამთავრებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღების წესი.

როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ცვლილებების თანახმად, შესაძლებელი გახდა ექსპლუატაციაში ისეთი შენობა-ნაგებობების მიღება, რომლებიც 2020 წლის 18 აგვისტოს მდგომარეობით უკვე დასრულებულია და ამავე დროს ნაწარმოებია სანებართვო პირობების დარღვევით.

მისივე განცხადებით, ექსპლუატაციაში მიიღება მხოლოდ ისეთი შენობა-ნაგებობები, რომლებიც შესაბამისი საექსპერტო დასკვნების მიხედვით აკმაყოფილებენ უსაფრთხოების სტანდარტებს.

„როგორც იცით, დედაქალაქის ერთ-ერთ უდიდეს პრობლემას და გამოწვევას წარმოადგენდა მშენებლობა დამთავრებული ობიექტები, რომლებიც ექსპლუატაციაში არ იყო მიღებულები დღემდე. სამწუხაროდ, ათწლეულების განმავლობაში ცხოვრობდნენ ადამიანები ასეთ კორპუსებში. ამის მიზეზი კი გახლდათ სამშენებლო კომპანიების/მშენებლების მიერ მშენებლობების წარმოება კანონმდებლობის დარღვევით, რათა მათ მეტი სარგებელი მიეღოთ. ამ პროცესით კი საბოლოოდ მხოლოდ იქ მცხოვრები ადამიანები ზარალდებოდნენ, რადგან „მშენებარე ობიექტის“ სტატუსის მქონე მათი ქონება არ ქმნის საკუთრების სრულფასოვნებას და უფლებრივად არის ყოველთვის ნაკლიანი. ასევე, ექსპლუატაციაში მიუღებლობის გამო, მობინადრეები ვერ ქმნიან ამხანაგობებს და ვერ სარგებლობენ მუნიციპალიტეტში არსებული „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამით“, რა დროსაც გამგეობები  100%-ით აფინანსებენ მცხოვრებლებისთვის საჭირო სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტს კორპუსში.

აღნიშნული პრობლემის გადაჭრის მიზნით, ჩვენი ინიციატივით, საქართველოს პარლამენტმა განახორციელა ცვლილებები „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“. ცვლილებების მიხედვით, შესაძლებელი გახდა ექსპლუატაციაში ისეთი შენობა-ნაგებობების მიღება, რომლებიც 2020 წლის 18 აგვისტოს მდგომარეობით უკვე დასრულებულია და ამავე დროს ნაწარმოებია სანებართვო პირობების დარღვევით, მაგალითად დარღვეულია K1, K2, K3 პარამეტრები ავტოსადგომების რაოდენობა, სიმაღლის რეგულირების ხაზი და ა.შ.“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ აღნიშნული პრობლემის მქონე მოქალაქეებს შესაძლებლობის გამოყენებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მერიაში წარდგენისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

„კანონის მიხედვით, ასეთი შენობების ექსპლუატაციაში მიღების მიზნით, მერიისათვის განცხადებით მიმართვის ვადად განისაზღვრა 2 წელი.უნდა აღინიშნოს რომ განცხადებების მიღების ვადის ერთი წელი უკვე გავიდა ივლისის ბოლოს, ამ დროისათვის მერიას მომართა 667-მა პირმა და დღეის მდგომარეობით, უკვე 167 ობიექტი იქნა მიღებული ექსპლუატაციაში. მიმდინარეობს რამდენიმე ასეული  განცხადების განხილვა.

შესაბამისად, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ იმ პირებს, რომლებიც ცხოვრობენ ექსპლუატაციაში მიუღებელ კორპუსებში, მოამზადონ შესაბამისი დოკუმენტაცია და მიმართონ მერიას. ამისთვის კიდევ არის დრო და გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა და რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან იქნება მაქსიმალური მხარდაჭერა“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.