ტყიბულის „ორბმა“ ისტორიული ბრინჯაოს მედალი მოიგო. ირაკლი ტომარაძის გაწვრთნილმა გუნდმა ქუთაისში გამართულ მესამე ადგილისთვის მატჩში მასპინძელი „ქუთაისი“ 86:80 დაამარცხა და არსებობის ისტორიაში პირველად, სუპერლიგის საპრიზო ადგილი დაიკავა.
გადამწყვეტი გამოდგა ბოლო პერიოდი, რომელიც „ორბმა“ 24:18 მოიგო. მატჩის დასრულებამდე 9 წუთით ადრე ტაბლოზე თანაბარი ანგარიში ფიქსირდებოდა. ამ დროს ბექა ლომაშვილმა უმნიშვნელოვანესი სამქულიანი ჩააგდო, რასაც მოგვიანებით ილია ლონდარიძის ორი ზედიზედ შორეული ტყორცნა და ლარი ოსტინის ზუსტი ორქულიანი მოჰყვა, რამაც „ორბი“ 6 ქულით წინ გაიყვანა (82:76). საფინალო სირენამდე 4 წამით ადრე ბექა ლომაშვილმა ორივე საჯარიმო ცივსისხლიანად გამოიყენა და მატჩს საბოლოო წერტილი დაუსვა — 86:80 ტყიბულელთა სასარგებლოდ.
„ორბის“ შემადგენლობაში საუკეთესო იყო ილია ლონდარიძე, რომელმაც მოედანზე გატარებულ 22 წუთში უმეტესი მარგი ქმედების კოეფიციენტი (25) დააფიქსირა. მან გუნდს 24 ქულა (5-დან 3 სამქულიანი) და 6 მოხსნა შესძინა. შედეგიანი იყო ნიკოლოზ თოთლაძე (11 ქულა, 5 პასი, 5 მოხსნა) და შონ მური, რომელმაც, 15 ქულასთან ერთად, 9 მოხსნა, 4 ჩაჭრა და 3 პასი მიითვალა.
„ქუთაისის“ მხრიდან თითქმის შეუცვლელად ითამაშა ტაირი ბოიკინმა – 38 ქულა და 5 პასი (ეფექტურობა 36).