საკალათბურთო სუპერლიგა | „ქუთაისმა“ თსუ-სთან ფინალურ სერიაში ანგარიში გაათანაბრა #1TVSPORT
საკალათბურთო სუპერლიგა | „ქუთაისმა“ თსუ-სთან ფინალურ სერიაში ანგარიში გაათანაბრა #1TVSPORT

„ქუთაისსა“ და თსუ-ს შორის ფინალურ სერიაში გამარჯვებულის ვინაობას მეხუთე მატჩი გამოავლენს.

ქუთაისმა მოახერხა და შინ ორი წაგების შემდეგ ფინალურ სერიაში ანგარიში გაათანაბრა – 2:2. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა იმერულმა კლუბმა 25 მაისსა და დღეს „თბილისი არენაზე“ ორივე შეხვედრა მოიგო და შანსი აქვს, ქართულ კალათბურთში ერთხელ, ისიც 28 წლის წინ დაფიქსირებული შემთხვევა გაიმეოროს. 1997 წელს თბილისის „ვითა“ 0:2 აგებდა რუსთავის „აზოტთან“ და ზედიზედ სამი მოგების შემდეგ ჩემპიონი გახდა. მას შემდეგ ფინალურ სერიაში მე-5 მატჩი არაერთხელ დაფიქსირდა, თუმცა არასდროს ყოფილა, რომ სერიაში 0:2 ჩამორჩენილ გუნდს გაემარჯვოს.

„ქუთაისმა“ მეორე თბილისურ მატჩშიც დაახლოებით იმ სტილში იმარჯვა, როგორც წინა შეხვედრაში – ბოლო პერიოდში მოიპოვა ხელჩასაჭიდი უპირატესობა, რომლის გაბათილებაც თსუ-მ ვერ მოახერხა. განსხვავება მხოლოდ ის იყო, რომ „ქუთაისს“ თამაში მიჰყავდა, ნიადაგ წინ იყო, თუმცა იშვიათად, ისიც მცირედით, თსუ-ც გალიდერდებოდა ხოლმე. ქუთაისელებს ისევ აკლდათ ელაია ჯოინერი, თუმცა უმისობა გუნდს მარქილ სმიტმა არ აგრძნობინა, რომელმაც გუნდს ხომ ულიდერა, მატჩის ყველაზე მნიშვნელოვანი ბურთიც ჩააგდო.

ეს მოხდა ბოლო პერიოდში, საფინალო სირენამდე 2:40 წუთით ადრე, როცა შეტევისთვის განკუთვნილი დროის ბოლო წამზე მოედნის კუთხიდან სამქულიანი ჩააგდო და „ქუთაისი“ 74:69 დააწინაურა. 5 ქულა არ იყო ბევრი, თუმცა საიმისოდ საკმარისი იყო, დაცვაში თამაშს თუ შეაშველებდი, გამარჯვებას მოიპოვებდი.

საბოლოოდ ქუთაისელებმა 80:71 იმარჯვეს. სტუმრებს 26 ქულით მარქილ სმიტმა ულიდერა. 20 ქულა, 9 მოხსნა და 4 პასი გიორგი კორსანტიამ მოაგროვა. 11 ქულით დაასრულა მატჩი აკაკი დვალიშვილმა, გიორგი სულაბერიძემ 10 ქულა მიითვალა. თსუ-ში 17 ქულითა და 6 მოხსნით დევონტრე ტომასი გამოირჩა. 16 ქულა გლენ აბრამის ანგარიშზეა. 12 ქულითა და 5 პასით დაასრულა მატჩი გიორგი ცინცაძემ.

სასწორზე საქართველოს საუკეთესო გუნდის ტიტულია – 30 მაისს ქუთაისში ვინც მოიგებს, საქართველოს 2024-2025 წლის სეზონის ჩემპიონიც ის გახდება.