საკალათბურთო სუპერლიგა | „ბათუმს“ და თსუ-ს ფინალამდე თითო მოგება აშორებთ #1TVSPORT
საკალათბურთო სუპერლიგის ნახევარფინალური სერიის მესამე მატჩში, ტყიბულში თსუ-მა მასპინძელ „ორბს“ 89:68 სძლია.
შეგახსენებთ, რომ თბილისში გამართული ორი შეხვედრის შემდეგ ანგარიში 1:1 იყო. ტყიბულში კი, შეიძლება ითქვას, თამაშის ბედი პირველ პერიოდში გადაწყდა, რომელიც სტუდენტებმა 25-ქულიანი სხვაობით (36:11) მოიგეს.
მატჩის მეორე ნახევარი ფორმალობად იქცა. მართალია, მესამე პერიოდში „ორბმა“ მობილიზება შეძლო და ეს მონაკვეთი 12 ქულით (24:12) მოიგო, მაგრამ თსუ-ის გუნდმა მატჩი მშვიდად მიიყვანა გამარჯვებამდე და ნახევარფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა. თუ სტუდენტები ტყიბულში 15 მაისს დაგეგმილ მეოთხე შეხვედრასაც მოიგებენ, ისინი სუპერლიგის ფინალის საგზურს ოფიციალურად გაიფორმებენ.
სტუდენტთა გამარჯვებაში ლომის წილი სასტარტო ხუთეულმა შეიტანა: ყველაზე შედეგიანი კურვოსიე მაკვოლი გახდა 19 ქულით, რომელსაც მხარი გიორგი ტურძილაძემ (14 ქულა), ალექსანდრე ფევაძემ (12 ქულა, 6 მოხსნა), კვენტინ ჰარდრიქტმა (12 ქულა) და მალკოლმ დრამრაითმა (10 ქულა) აუბეს. მასპინძელთა მხრიდან ლარი ოსტინის 20 ქულა და ნიკოლოზ თოთლაძის 11 ქულა გუნდის გადასარჩენად საკმარისი არ აღმოჩნდა.
***
ნახევარფინალური სერიის მესამე შეხვედრა ზესტაფონში განსაკუთრებული დაძაბულობით წარიმართა. იმის გათვალისწინებით, რომ „ქუთაისსა“ და „ბათუმს“ შორის ანგარიში სერიაში თანაბარი იყო (1:1), ამ გამარჯვებას ორივე გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.
მატჩის კულმინაცია ბოლო მეოთხედი გამოდგა, სადაც გადამწყვეტ მომენტში სიტყვა მაირინ ტომასმა თქვა. მისმა ცივსისხლიანმა სამქულიანებმა სტუმრებს კომფორტული ჰანდიკაპი დაუბრუნა ბათუმელებს მოაგებინა – 96:79.
ტომასმა შეხვედრა 28 ქულით, 9 მოხსნითა და 4 პასით დაასრულა, რაშიც მას მხარი გიორგი ოჩხიკიძემ (18 ქულა, 8 პასი) და ორმაგი დუბლის ავტორმა, კარსონ ბაშამმა (11 ქულა, 10 მოხსნა) აუბეს.
ქუთაისელთა რიგებში 26 ქულით საუკეთესო დეტრეკ ბრაუნინგი იყო, თუმცა მისი შედეგიანობა გუნდური გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.
ნახევარფინალის მომდევნო შეხვედრა კვლავ ზესტაფონში, 15 მაისს გაიმართება.