საკალათბურთო სუპერლიგა | „ბათუმმა“ თსუ დაამარცხა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა #1TVSPORT
სუპერლიგის ფინალური სერიის მეორე მატჩმა მოულოდნელი სცენარით ჩაიარა. „ბათუმმა“ დამაჯერებლად, 91:63 მოუგო თსუ-ს, სერიაში ანგარიში გაათანაბრა (1:1) და მოედნის უპირატესობა მოიპოვა. ახლა სერია ზღვისპირეთში გადაინაცვლებს და თუკი გუნდებმა ბათუმშიც გაიყვეს მოგებები, ყველაფერს მე-5, სუპერფინალური მატჩი გადაწყვეტს, რომელიც 31 მაისს, თბილისი არენაზე გაიმართება.
ბათუმის წარმატების საწინდარი სტაბილურობა იყო ყველა რგოლში. ეროვნული ნაკრების წევრი გიორგი ოჩხიკიძე თითქმის ყველა შეტევის ორგანიზატორი იყო და პასს არ უგვიანებდა წინახაზელებს, თსუ-ს დაცვაში ხვრელის პოვნისას კი თავად უტევდა. ფარქვეშ ერთმანეთს ეფექტურად ენაცვლებოდნენ აკაკი დვალიშვილი და გეგი ბაქრაძე, რომლებსაც ზურგს უნივერსალი მაირინ ტომასი უმაგრებდა.
გამარჯვებულებს 26 ქულით, 12 მოხსნითა და 6 პასით მაირინ ტომასმა ულიდერა. 16 ქულა დავით ლომიძის აქტივშია, ხოლო კარსონ ბაშამმა და აკაკი დვალიშვილმა გუნდს 11-11 ქულა შემატეს. ორმაგი დუბლი გაიფორმა გიორგი ოჩხიკიძემ, რომელმაც 10 ქულა და 10 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. 9 ქულა ჩააგდო ლევან ბაბილოძემ, 8 – გეგი ბაქრაძემ. თსუ-ს რიგებში ყველაზე შედეგიანი 17 ქულით კურვოსიე მაკკოლი გამოდგა, 14 ქულა მიითვალა კვენტინ ჰარდრიქტმა, ხოლო მალკოლმ დრამრაიტმა და გიორგი ტურძილაძემ 8-8 ქულა მოაგროვეს.
ფინაური სერიის შემდეგი, მესამე შეხვედრა ბათუმის სპორტის სასახლეში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს — 26 მაისს გაიმართება, ხოლო მეოთხე მატჩს ზღვისპირეთი 28 მაისს უმასპინძლებს.