საჯარო რეესტრის თანამშრომლები - გიგი უგულავამ მოგვიხსენია დამამცირებელი ეპითეტებით: „სამარცხვინო ქალი“, „ქალი დეკორაცია“, „გაბადრული ქალი“
საჯარო რეესტრის თანამშრომლები - გიგი უგულავამ მოგვიხსენია დამამცირებელი ეპითეტებით: „სამარცხვინო ქალი“, „ქალი დეკორაცია“, „გაბადრული ქალი“

საჯარო რეესტრის თანამშრომლები საქართველოს სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას მიმართავენ, შესაბამისი რეაგირება მოახდინოს „ევროპული საქართველოს“ ლიდერ გიგი უგულავას საჯარო განცხადებაზე და უზრუნველყოს ქალთა პატივისა და ღირსების დაცვა. ამის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

საჯარო რეესტრის თანამშრომლები აცხადებენ, რომ უგულავამ ისინი მოიხსენია დამამცირებელი ეპითეტებით:„სამარცხვინო ქალი“, „ქალი დეკორაცია“, „გაბადრული ქალი“.

„მიმდინარე წლის 28 მარტს, პოლიტიკური გაერთიანება „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგი უგულავამ სააგენტოს თანამშრომლებს საჯაროდ მიაყენა შეურაცხყოფა.

მან სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში საჯარო რეესტრის თანამშრომლები დამამცირებელი ეპითეტებით მოიხსენია, როგორიცაა: „სამარცხვინო ქალი“, „ქალი დეკორაცია“, „გაბადრული ქალი“.

გაკეთებულ განცხადებაში სიძულვილის ენით გაჟღენთილი და დამამცირებელი ზემოაღნიშნული ეპითეტები წარმოადგენს სქესის ნიშნით დისკრიმინაციას და მიმართულია საჯარო რეესტრში დასაქმებული ადამიანების პატივისა და ღირსების, საქმიანი რეპუტაციის შელახვისაკენ. საჯარო პირის მიერ სქესის ნიშნით ქალთა გამორჩევა და მათ მიმართ ასეთი დამამცირებელი, სალანძღავი სიტყვების გამოყენება წარმოადგენს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის საჯაროდ წახალისებას.

ეს ადამიანები ყოველდღიური, დაუღალავი შრომით აშენებენ საქართველოს მომავალს, მათ ჰყავთ ოჯახები, ზრდიან შვილებს და არიან საკუთარი საქმის პროფესიონალები. სწორედ მათი მონაწილეობითა და დაუღალავი შრომის შედეგად შეიქმნა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული უძრავი ქონებისა და ბიზნესის რეგისტრაციის სისტემა.

გიგი უგულავა ამ სიტყვებით მოიხსენიებს მისთვის სრულიად უცნობ ადამიანებს, რომლებმაც ნაყოფიერი 5 წლიანი მუშაობის შემდეგ ერთობლივი ფოტო გადაიღეს და ღიმილით დაუდასტურეს პატივისცემა ყოფილ ხელმძღვანელს – პაპუნა უგრეხელიძეს.

სოციალურ ქსელში საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დასაქმებული ქალების მიმართ წარმოებულ კამპანიას რაც არ უნდა იყოს მისი წარმოების რეალური მოტივი, ხაზს უსვამს მამაკაცის დომინანტურ როლს, ამკვიდრებს გენდერულ დისკრიმინაციას, აღვივებს სტიგმას და სტერეოტიპებს, რაც განაპირობებს ქალების მარგინალიზაციას და ხელს უწყობს საზოგადოებაში მცდარი წარმოდგენების ფორმირებას.

ვიმედოვნებთ, რომ სამოქალაქო საზოგადოება, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციები ადეკვატურ შეფასებას მისცემენ საჯარო რეესტრში დასაქმებული ქალების მიმართ გაჟღერებულ შეურაცხმყოფელ საჯარო განცხადებებს, ხოლო მედიასაშუალებები საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომს გახდიან და ობიექტურად გააშუქებენ საჯარო რეესტრში დასაქმებული თანამშრომლების პოზიციას და მიმდინარე მოვლენებს.

ჩვენ, საჯარო რეესტრის თანამშრომლები, მივმართავთ საქართველოს სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას, შესაბამისი რეაგირება მოახდინოს გიგი უგულავას საჯარო განცხადებაზე და უზრუნველყოს ქალთა პატივისა და ღირსების დაცვა“, – აცხადებენ საჯარო რეესტრის თანამშრომლები.