საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს წითელა-წითურა-ყბაყურას ვაქცინაცია ჩაუტარდათ
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს წითელა-წითურა-ყბაყურას ვაქცინაცია ჩაუტარდათ

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინიციატივით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს წითელა-წითურა-ყბაყურას ვაქცინაცია ჩაუტარდათ.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პარალელურად, რეესტრის თანამშრომლებს სკრინინგიც გაუკეთდათ და სწრაფი-მარტივი ტესტის საშუალებით C ჰეპატიტთან მიმართებაში სტატუსის შესახებ მიიღეს ინფორმაცია.

პროცესს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელ პაპუნა უგრეხელიძესთან ერთად გაეცნო.

წითელას ვირუსის შეჩერების კამპანია ბავშვებში, მოზრდილებსა და 40 წლამდე ასაკობრივ პირთა ჯგუფში მასობრივ ვაქცინაციას ითვალისწინებს.

იმუნიზაციის პროცესის წარმატებით განხორციელება ვირუსული ინფექციის პრევენციას ისახავს მიზნად.

მასობრივი ვაქცინაცია საჯარო დაწესებულებებში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინიციატივით დაიწყო და მას კამპანიური სახე ექნება. ხოლო, მათ ვისაც წითელა-წითურა-ყბაყურას გეგმური ვაქცინა გაკეთებული არ აქვთ, აცრის გაკეთება პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში შეეძლებათ.