საჯარო მოხელეები რესურსცენტრის უფროსებიც გახდებიან
საჯარო მოხელეები რესურსცენტრის უფროსებიც გახდებიან

საჯარო მოხელეები რესურსცენტრის უფროსებიც გახდებიან. შესაბამისი ცვლილებები მთავრობამ მოამზადა და პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინება.

მოქმედი კანონით, რესურსცენტრების თანამშრომლები საჯარო მოხელეებს წარმოადგენენ და მათზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი, ხოლო რესურსცენტრის უფროსები არ წარმოადგენენ საჯარო მოხელეებს. მთავრობა განმარტავს, რომ აღნიშნული პირებისთვის საჯარო მოხელისთვის კანონით გათვალისწინებული კარიერული განვითარების პირობების შექმნის, მოტივაციის ამაღლების, მატერიალური კეთილდღეობის ხელშეწყობის, საჯარო სამსახურის სტაბილურობის უზრუნველყოფის, ასევე პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლების, წახალისების, ასევე, რესურსცენტრების გაძლიერების მიზნით მიზანშეწონილია, რომ რესურსცენტრის უფროსებიც გახდნენ საჯარო მოხელეები და მათზე გავრცელდეს ზემოხსენებული კანონი.

მთავრობის ინფორმაციით, მიმდინარე წელს რესურსცენტრის უფროსის თანამდებობრივი სარგო შეადგენს 1,754.5 ლარს, ცვლილებების შედეგად კი მათი თანამდებობრივი სარგო გაიზრდება და 2,178.0 ლარი გახდება.