საჯარო მმართველობის რეფორმის საბჭოს სხდომაზე საჯარო მმართველობის რეფორმის შედეგებსა და 2021-2025 წლების სტრატეგიაზე იმსჯელეს
საჯარო მმართველობის რეფორმის საბჭოს სხდომაზე საჯარო მმართველობის რეფორმის შედეგებსა და 2021-2025 წლების სტრატეგიაზე იმსჯელეს

საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელების შედეგები, 2021-2025 წლების სტრატეგია, გამოწვევები და პრობლემები, – ამ თემებზე ისაუბრეს საჯარო მმართველობის რეფორმის საბჭოს სხდომაზე, რომელიც ონლაინფორმატში გაიმართა.

შეხვედრა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ილია დარჩიაშვილმა, საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა მარკ კლეიტონმა, საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე ანა ჩერნიშოვამ და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის (EUD) პროექტების განყოფილების უფროსმა – სიგრიდ ბრეტელმა გახსნეს.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელების შედეგები და მომდევნო ფაზის პრიორიტეტული მიმართულებები. დამოუკიდებელმა ექსპერტმა წარადგინა PAR გზამკვლევი 2020-ის განხორციელების ზოგადი შედეგები.

„ყურადღება გამახვილდა საჯარო მმართველობის რეფორმის ახალი, 2021-2025 წლების სტრატეგიის შემუშავების მნიშვნელობაზე, არსებულ გამოწვევებსა და პრობლემებზე. რეკომენდაციები წარადგინა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მმართველობისა და მენეჯმენტის გაუმჯობესების ხელშეწყობის პროექტის (OECD/SIGMA) ექსპერტმა ალასტარ სვარბრიკმა და SIGMA-ს სახელით მზადყოფნა გამოხატა, მხარი დაუჭიროს საბჭოს ახალი სტრატეგიის მომზადების პროცესში. რეკომენდაციები წარადგინეს ასევე საბჭოს საქმიანობაში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციებმაც“, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ასევე გაიმართა საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) კომუნიკაციის სტრატეგიისა და Brand Book-ის პრეზენტაცია. დისკუსიის რეჟიმში მონაწილეებმა განიხილეს საჯარო მმართველობის რეფორმის კომუნიკაციის კომპონენტის მნიშვნელობა და სამომავლო ნაბიჯები მის დასახვეწად.

„საჯარო მმართველობის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის კოორდინაციით, დიდი ბრიტანეთის მთავრობისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით გაიმართა. შეხვედრის დასასრულ, პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს სურვილი, მხარი დაუჭირონ საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის წარმატებით განხორციელებას.

საჯარო მმართველობის რეფორმა, რომელიც საქართველოში 2015 წელს დაიწყო, ქვეყანაში გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და ეფექტური სახელმწიფო მართვის სისტემის ჩამოყალიბებას ემსახურება. რეფორმის მიზანია საქართველოში საჯარო მმართველობის გაუმჯობესება და მისი დაახლოება ევროპული მმართველობის სტანდარტთან. რეფორმა ევროკავშირის საჯარო მმართველობის პრინციპებს ეყრდნობა და მოიცავს პრიორიტეტულ მიმართულებებს, როგორიცაა: პოლიტიკის დაგეგმვა და კოორდინაცია; საჯარო სამსახური და ადამიანური რესურსების მართვა; ანგარიშვალდებულება; სახელმწიფო სერვისების მიწოდება; საჯარო ფინანსების მართვა; ადგილობრივი თვითმმართველობა“, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, სხდომაში საბჭოს წევრი საჯარო უწყებების, ადგილობრივი სამოქალაქო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.