საჯარო და კერძო თანამშრომლობის განვითარების თემაზე თბილისში კონფერენცია გაიხსნა
საჯარო და კერძო თანამშრომლობის განვითარების თემაზე თბილისში კონფერენცია გაიხსნა

საჯარო და კერძო თანამშრომლობის განვითარების თემაზე თბილისში პირველად ორდღიანი კონფერენცია გაიხსნა. ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გახსნა.

ორგანიზატორების ინფორმაციით, კონფერენციაზე გაიმართება მსჯელობა საქართველოს მთავრობის მიღწევებზე მდგრადი სტრუქტურული რეფორმების განხორციელების, ღია მმართველობისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესის გაუმჯობესების მიმართულებით. ასევე, ყურადღება დაეთმობა საჯარო და კერძო სექტორის განვითარების როლს ინკლუზიური ზრდისა და სიღარიბის დაძლევის უზრუნველყოფაში.

კონფერენციის პირველი ნაწილი ორივე სექტორის თანამშრომლობის საკითხების ფართო ჭრილში განხილვას დაეთმობა, მეორე ნაწილი კი მოიცავს პრაქტიკულ სემინარს ადგილობრივი თვითმმართველობების, მუნიციპალიტეტებისა და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის.

კონფერენციის სამუშაო ნაწილის ფარგლებში, საერთაშორისო ექსპერტები და სპეციალისტები საჯარო და კერძო თანამშრომლობის ძირითად ასპექტებს საქართველოს კონტექსტში მიმოიხილავენ და მონაწილეებს გამოცდილებას გაუზიარებენ.

ღონისძიების ორგანიზატორია საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტო. მხარდამჭერები კი საქართველოს მთავრობა, აზიის განვითარების ბანკი და გაერო-ს განვითარების პროგრამა (UNDP) არიან.