საჯად კარიმი - საქართველომ ევროკავშირთან ურთიერთობის გაღრმავების გზაზე უდიდეს პროგრესს მიაღწია
მქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, რომლის ფარგლებშიც შევეხეთ ყველა რელევანტურ საკითხს, მათ შორის ხაზგასმით აღვნიშნე საქართველოს მიერ მიღწეული უდიდესი პროგრესი ევროკავშირთან ურთიერთობის გაღრმავებისგზაზე, – განაცხადა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელმა საჯად კარიმმა, ბრიუსელში ვიზიტით მყოფ საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან გამართული შეხვედრის შეფასებისას.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ევროპარლამენტარმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მდგომარეობას, ამ კონტექსტში განსაკუთრებით აღინიშნა ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელიც რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის 10 წლისთავს მიეძღვნა და დაგმობილი იქნა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. საჯად კარიმმა იმედი გამოთქვა, რომ ახალი პარლამენტი უზრუნველყოფს ევროკავშირის დანარჩენი ინსტიტუტების, წევრი ქვეყნების მთავრობებისა დ პარლამენტების მხრიდან ოკუპაციის წინააღმდეგ მკვეთრი განცხადებების გაკეთებას.
„შეხვედრის ფარგლებში ასევე ვისაუბრეთ ვიზა-ლიბერალიზაციაზე, როგორც ერთ-ერთ მთავარ მიღწევაზე საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებში. ასევე აღვნიშნეთ, რომ ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე მიმდინარეობს ადეკვატური გამკლავება.ჩვენ საქართველოს მთავრობასთან გვაქვს ძალიან პროდუქტიული თანამშრომლობა იმ პრობლემატურ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც ვიზა-ლიბერალიზაციის შედეგად გაჩნდა. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ეს პრობლემები საგრძნობლად შემცირდა“, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.
საჯად კარიმის განცხადებით, მინისტრთან შეხვედრაზე ყურადღება ასევე გამახვილდა ურთიერთობის გაღრმავების სამომავლო პერსპექტივებზე, ვაჭრობის განვითარებაზე, ასევე საქართველოსგან ევროკავშირში შემავალი პროდუქტების დივერსიფიკაციაზე, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ინტეგრაციის პროცესს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს ბრიუსელს ეწვია, სადაც შეხვედრებს მართავს ევროპარლამენტსა და ევროკავშირის ინსტიტუტებში. დავით ზალკალიანმა 2018 წლის 15 ოქტომბერს მონაწილეობა მიიღო აღმოსავლეთ პარტნიორობის საგარეო საქმეთა მინისტერიალში, რომელიც ლუქსემბურგში გაიმართა.