საჯად კარიმი - ირაკლი კვარაცხელია ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვითარებას შეეწირა, ევროპარლამენტი გმობს საქართველოს განუყოფელი რეგიონების ოკუპაციას
საჯად კარიმი - ირაკლი კვარაცხელია ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვითარებას შეეწირა, ევროპარლამენტი გმობს საქართველოს განუყოფელი რეგიონების ოკუპაციას

ვაღიარებთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ევროპარლამენტი გმობს საქართველოს განუყოფელი რეგიონების ოკუპაციას, – ამის შესახებ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის თავმჯდომარე საჯად კარიმმა სტრასბურგში, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო კომიტეტის სხდომის მიმდინარეობისას ჟურნალისტებს განუცხადა.

კარიმმა მწუხარება გამოთქვა ოკუპირებულ გალში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების გამო. ევროპარლამენტარმა მის ოჯახსა და ქართველ ხალხს მიუსამძიმრა.

„მწუხარებას გამოვთქვამთ ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების გამო, ვუსამძიმრებთ მის ოჯახს და ქართველ ხალხს. საქართველოს მოქალაქე შეეწირა ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ვითარებას. სავარაუდოდ, ის რუსეთის წარმომადგენლების მხრიდან წამების შედეგად გარდაიცვალა. ველოდებით გამოძიებას.

ჩვენი გზავნილი მკაფიაო – ვაღიარებთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ევროპარლამენტი გმობს საქართველოს განუყოფელი რეგიონების ოკუპაციას.

ევროპარლამენტმა რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლისთავთან დაკავშირებით მიიღო მნიშვნელოვანი რეზოლუცია. სხდომაზე ჩვენ ვისაუბრეთ ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებულ ურთიერთობებსა და მიღწევებზე. ვისაუბრეთ მართლმსაჯულების სფეროში რეფორმებზე. მივესალმეთ საქართველოს პარლამენტის მიერ ეთიკის კოდექსის მიღებას, რაც ჩვენი რეკომენდაცია იყო და მოხარულები ვართ შედეგით“,- განაცხადა საჯად კარიმმა.

სტრასბურგში ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის პირველი დღე დასრულდა. კომიტეტი ორდღიან მუშაობას 28 მარტს შეაჯამებს და საბოლოო განცხადებას მიიღებს, რომელიც საქართველოსთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხს მოიცავს. განსაკუთრებული აქცენტი განცხადების ტექსტში ოკუპირებულ ტერიტორიებზე კეთდება.