საირმის საკარანტინო ზონა დღეს 41-მა მოქალაქემ დატოვა
საირმის საკარანტინო ზონა დღეს 41-მა მოქალაქემ დატოვა

საირმის საკარანტინო ზონა დღეს 41-მა მოქალაქემ დატოვა. ბოლო სამედიცინო შემოწმებამ დაადასტურა, რომ კარანტინში მყოფები სრულიად ჯანმრთელები არიან და შეუძლიათ, საკუთარ სახლებში დაბრუნება.

დილიდან ადგილზე იმყოფებოდა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, რომელიც საკარანტინო ზონიდან მოქალაქეების გაყვანას დაესწრო. საკარანტინო ზონები როგორც იმერეთში, ასევე საქართველოს სხვა მხარეებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით მოეწყო.

41-ვე მოქალაქეს სახელმწიფო საკუთარ სახლებში სპეციალურად გამოყოფილი სატრანსპორტო საშუალებებით დააბრუნებს.

„საირმეს საკარანტინო ზონაში საფრანგეთიდან სამშობლოში დაბრუნებული მოქალაქეები იმყოფებოდნენ. სასტუმროებში, სადაც საკარანტინო სივრცეებია შექმნილი, განთავსების პირობები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმებთან საკარანტინო სივრცეების მოწყობის შესახებ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახური ავრცელებს.