საირმის საკარანტინო ზონა 34-მა მოქალაქემ დატოვა
საირმის საკარანტინო ზონა 34-მა მოქალაქემ დატოვა

იმერეთში მდებარე საირმის საკარანტინო ზონა დღეს მოქალაქეთა მორიგმა ჯგუფმა დატოვა. ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, სასტუმროს დატოვებამდე 34-ვე მათგანმა სამედიცინო შემოწმება გაიარა. მათი წასვლის შემდეგ კი საკარანტინო ზონის ტერიტორიაზე, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, სრულფასოვანი სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

„სტუმრების საკარანტინო ზონიდან გაცილებას დღეს DMO Imeret-ის ხელმძღვანელი ტატო ლილუაშვილი ხელმძღვანელობდა. მათი ტრანსპორტირება საკუთარ სახლებში ადგილობრივმა ხელისუფლებამ უზრუნველყო.

საკარანტინო ზონები როგორც იმერეთში, ასევე საქართველოს სხვა მხარეებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით არის მოწყობილი. საკარანტინო სივრცეებში არსებული განთავსების პირობები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმებთან საკარანტინო სივრცეების მოწყობის შესახებ“, – აცხადებენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.