„საირმე მინერალ ვოთერსის“ გაფიცული თანამშრომლები აცხადებენ, რომ მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ
„საირმე მინერალ ვოთერსის“ გაფიცული თანამშრომლები აცხადებენ, რომ მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ

საირმეში „საირმე მინერალ ვოთერსის“ გაფიცული თანამშრომლების დღევანდელი აქცია დასრულდა. აქციის მონაწილეები ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვდნენ. ამ მოთხოვნით მათ რამდენჯერმე გადაკეტეს საირმის გზა, რასაც სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. დაშავდა ქარხნის ერთი თანამშრომელი, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა.

„საირმე მინერალ ვოთერსის“ გაფიცულ თანამშრომლებს კომპანია „ბორჯომის“ თანამშრომლები და სხვადასხვა პროფკავშირის წევრებიც შეუერთდნენ. აქციის მონაწილეებთან ერთად იმყოფებოდა პროფკავშირ „ლაბორის“ თავმჯდომარე, რომელმაც განაცხადა, რომ 3 მარტს ფართომასშტაბიანი აქცია გაიმართება.

გაფიცვის მეთოთხმეტე დღეს კომპანიაში დასაქმებულთა მოთხოვნები უცვლელი რჩება. გაფიცვის მონაწილეები, ხელფასების 30-პროცენტიან მატებასთან ერთად, ითხოვენ შრომითი პირობების გაუმჯობესებას, უსაფრთხო სამუშაო გარემოს და საწარმოს ტექნიკურად გამართვას.

ქარხნის თანამშრომლები ამბობენ, რომ ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, პროტესტს არ შეწყვეტენ.