საინტერესო ფაქტები ქეცბაიას „ანორთოსისზე“ - ფამაგუსტელებმა „აპოელის“ 20-წლიანი ტრადიცია შეწყვიტეს #1TVSPORT
საინტერესო ფაქტები ქეცბაიას „ანორთოსისზე“ - ფამაგუსტელებმა „აპოელის“ 20-წლიანი ტრადიცია შეწყვიტეს #1TVSPORT

თემურ ქეცბაიას ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ კვიპროსის თასის ნახევარფინალის ორივე შეხვედრაში ნიქოზიას „აპოელი“ დაამარცხა (1:0, 3:1) – ამ მოგებით თემურ ქეცბაიას გუნდმა კვიპროსელებს რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენა გაახსენა. 

აღმოჩნდა, რომ ნიქოზიას „აპოელი“ 2001 წლის შემდეგ ევროტურნირებზე მუდმივად თამაშობდა. 20-წლიანი გამოსვლა გუნდს ქეცბაიას „ანორთოსისთან“ წაგებამ შეაწყვეტინა, რადგან „აპოელმაევროსაგზურის მოპოვების შანსი კვიპროსის ჩემპიონატიდან უკვე დაკარგა, თასზე გამარჯვება კი ბოლო შანსი იყო. ეს ფაქტიც აჩვენებს, „ანორთოსისმა“ როგორი დონის მეტოქე დაამარცხა.

მატჩის დასრულების შემდეგ ფამაგუსტელთა გასახდელში სურათი გადაიღეს, საიდანაც ჩანს თუ რამხელა სიხარული მოჰყვა „ანორთოსისის“ ფინალში გასვლას. ეს გუნდმა ბოლოს 13 წლის წინ მოახერხა და მაშინაც თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით.

„ის, რასაც თემურმა დღეს მიაღწია, მხოლოდ მისი პირადი ტრიუმფია და არა მხოლოდ. ეს უდიდესი წარმატებაა „ანორთოსისისთვის“, რომელიც თასის ფინალში 13 წლიანი შესვენების შემდეგ გავიდა“, – წერს გამოცემა „სპორტ ეფ ემ“.

აღსანიშნავია, რომ „ანორთოსისმა“ ბოლო ტიტულიც თემურ ქეცბაიას მთავარი მწვრთნელობისას მოიპოვა – 2009 წელს გუნდი კვიპროსის ჩემპიონი გახდა. მისი ხელმძღვანელობით გუნდი კვიპროსის სუპერთასის გამარჯვებულიც (2007) გახდა. ქართველი მწვრთნელის წასვლის შემდეგ გუნდიც უკან-უკან წავიდა და ტიტულის მოპოვების შანსი ისევ ქეცბაიას ხელმძღვანელობით გაუჩნდა.

კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი – „ანორთოსისი“ თასის ფინალში ნიქოზიას „ოლიმპიაკოსს“ შეხვდება, რომელსაც ჩრდილოეთ მაკედონიელი სპეციალისტი ჩედომირ იანევსკი ავარჯიშებს, 1992-1993 წლებში კი გუნდში ქართული ფეხბურთის ლეგენდა, დავით ყიფიანი მუშაობდა.

„ანორთოსისი“ და ნიქოზიას „ოლიმპიაკოსი“ ერთმანეთს ბოლოს კვიპროსის თასის ფინალში 59 წლის წინ, 1962 წელს შეხვდნენ და ის მატჩი „ანორთოსისმა“ 3:2 მოიგო.